„ახალი დროება“, ყოველკვირეული ლეგალური ბოლშევიკური გაზეთი, მუშათა პროფკავშირების ორგანო.
გამოდიოდა 1906 წ. 14 ნოემბრიდან 1907 წ. 8 იანვრამდე თბილისში. გამოსცემდა რსდმპ თბილ. კომიტეტი. რედაქციაში შედიოდნენ და თანამშრომლობდენენ ი. სტალინი, მ. ცხაკაია, მ. ტოროშელიძე, მ. დავითაშვილი, გ. თელია, მ. ბოჭორიძე და სხვ. ოფიც. რედ.-გამომცემელი – დ. გიგიბერია. „ა. დ-ს“ უშუალო კავშირი ჰქონდა ლენინის გაზეთებთან. ქვეყნდებოდა თეორ.-პრაქტ. ხასიათის სტატიები, მუშათა და გლეხთა მოძრაობის ამსახველი კორესპონდენციები, ინფორმაციები, იბეჭდებოდა მოთხრობები, ნარკვევები, ლექსები, ფელეტონები და სხვ. „ა. დ-ში“, ისევე როგორც მის წინამორბედ გაზეთებში – „მნათობი“, „ჩვენი ცხოვრება“ და „დროშა“, აქტიურად თანამშრომლობდნენ მწერლები: ი. ევდოშვილი, ია ეკალაძე, გ. ქიქოძე, ნ. აზიანი, ვ. რუხაძე, შ. შარაშიძე, დ. თომაშვილი, იასამანი (მ. კინწურაშვილი), პ. იაშვილი, ვ. დარჩია, დ. ქარცივაძე და სხვ. აშკარა ბოლშევიკური მიმართულების გამო პირველი ნომრის გამოცემისთანავე დაიწყო გაზეთის შეზღუდვა და რეპრესიები მეფის ხელისუფლების მხრივ.
მე-9 ნომრის გამოცემის შემდეგ თბილ. გუბერნატორის განკარგულებით გაზეთი დაიხურა.
ი. ნატროშვილი.