ახალი ეკონომიკური პოლიტიკა (ნეპი), საბჭოთა სახელმწიფოს პოლიტიკა, რ-ის მეშვეობითაც იყო ცდა საბაზრო ეკონომიკის ელემენტების იმპლანტაციისა ტოტალიტარული რეჟიმის სისტემაში ამ უკანასკნელის გაძლიერების მიზნით.
ა. ე. პ. შეიმუშავა რკპ(ბ) X ყრილობამ 1921 მარტში. იგი გულისხმობდა სასურსათო გაწერის შეცვლას სასურსათო გადასახადით.
ა. ე. პ-ის ძირითადი ბერკეტი იყო საქონელგაცვლა.
სასურსათო გადასახადი სასურსათო გაწერაზე ბევრად ნაკლები იყო. გლეხს შეეძლო გადასახადის გასტუმრების შემდეგ დარჩენილი ნაჭარბი პროდუქტი ბაზარზე თავისუფლად გაეყიდა. იგი მატერიალურად დაინტერესდა, რათა გაედიდებინა სოფ. მეურნ. პროდუქტის წარმოება. ეს კი შესაძლებლობას ქმნიდა ნედლეულითა და კვების პროდუქტებით მოემარაგებინათ ინდუსტრ. ცენტრები.
სასურსათო გადასახადის შემოღება გარკვეულწილად გულისხმობდა კერძო ვაჭრობის თავისუფლების დაშვებას, რაც, თავის მხრივ, იწვევდა კაპიტალ. ელემენტების საქმიანობის გამოცოცხლებას, წვრილ კერძო საწარმოთა გამრავლებას, კერძო ვაჭრობის გაფართოებას.
საქართველოში გასაბჭოება დაემთხვა რუსეთში ა. ე. პ-ზე გადასვლას და, ამდენად, მოსახლეობას „სამხედრო კომუნიზმის“ გაუვლელად, პირდაპირ ა. ე. პ-ის პირობებში მოუხდათ შესვლა. ა. ე. პ-ის გატარებისას საქართველოში ნაციონალიზაციისა და სხვა ანტისაბაზრო ღონისძიებების მიუხედავად, ძლიერდებოდა სასაქონლო-ფულად ურთიერთობათა განვითარების საფუძველი.
1924 წ. 1 იანვრიდან ნატურით გადასახადის ნაცვლად შემოღებულ იქნა ფულადი გადასახადი.
ა. ე. პ-ზე გადასვლასთან დაკავშირებით 1922-იდან გატარდა ახ. სატარიფო პოლიტიკა. გარდაიქმნა საქართვ. საკრედიტო სისტემა. 1924 ფულის რეფორმის გატარების შემდეგ დაიწყო საკრედიტო დაწესებულებათა ქსლისა და მათი ოპერაციების განვითარება.
XX ს. 20-იანი წწ. II ნახევარში ა. ე. პ. წააწყდა მთელ რიგ სიძნელეებსა და წინააღმდეგობებს, რ-ებიც სახ. მეურნ. რთულმა მდგომარეობამ წარმოშვა. მრეწველობას არ შეეძლო სოფლისათვის მიეცა საკმარისი რაოდენობის საჭირო საქონელი, რის გამოც სოფ. მეურნ. პროდუქციის წარმოების ზრდის ტემპი შენელდა; შეიქმნა კრიზისული სიტუაცია. დღის წესრიგში დადგა ინდუსტრიალიზაციის და სასურსათო პრობლემის გადაჭრის საკითხები, მაგრამ ქვეყნის ხელმძღვანელობა დაადგა არა წინააღმდეგობათა დაძლევის ეკონ. მეთოდების ძიების, ა. ე. პ-ის ბაზაზე ეკონ. პოლიტიკის შემუშავების გზას, არამედ ა. ე. პ-ის სასაქონლო-ფულადი ურთიერთობის შეკვეცის, შრომის მატერ. სტიმულირების შემცირების, სოც.-ეკონ. ამოცანათა გადაწყვეტისადმი მბრძანებლურ-ადმ. მიდგომის გამოყენების გზას. ა. ე. პ-მ თანდათან დაკარგა თავისი როლი. ნეპის უდავო წარმატება იყო დანგრეული ეკონომიკის აღდგენა.
XX ს. 20-იანი წლების II ნახ-ში დაიწყო მისი შემცირების პირველი მცდელობები. ა. ე. პ-ის აკრძალვის უშუალო მიზეზი იყო 1927 წლის ბოლოს მარცვლეულის სახელმწ. შესყიდვებში ჩავარდნა, დაიწყო კულაკებზე მარცვლეულის მარაგების იძულებითი კონფისკაციის ღონისძიებები. შეიქმნა ეკონ. მართვის მბრძანებლურ−ადმ. სისტემა. 1928-იდან პირველი ხუთწლიანი გეგმის მიღების შემდეგ გეზი აიღეს ინდუსტრიალიზაციისა და კოლექტივიზაციისაკენ, ა. ე. პ-მ ხელი შეუშალა ადმ.-მბრძანებლური ეკონომიკის განხორციელებას. ა. ე. პ. იურიდიულად შეწყდა მხოლოდ 1931 წ. 11 ოქტომბერს, როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება კერძო ვაჭრობის სრულად აკრძალვის შესახებ.
ლ. გუგუშვილი
მ. თოქმაზიშვილი