„ახალი ქართლის ცხოვრება“, „ქართლის ცხოვრების“ ვახტანგისეული რედაქცია (XVIII ს. I მეოთხედი). ვახტანგ VI-ის თაოსნობითა და ხელმძღვანელობით მომუშავე „სწავლულ კაცთა“ („მეცნიერ კაცთა“) კომისიამ „ქართლის ცხოვრებაში“ მრავალი რედაქციული ხასიათის ცვლილება შეიტანა, გადამწერთა მიერ საუკუნეთა მანძილზე დამახინჯებული ტექსტი გამართა და გაასწორა; საძიებელი ადგილის მიგნების მიზნით ტექსტი ნაკვეთებად დაყო და მეფეთა ზეობის მიხედვით დაასათაურა; შემოიღო კოლონტიტულებისა და კუსტოსების სისტემა, ისტ. მოღვაწეთა სახელების სინგურით აღბეჭვდა; შეიტანა მთელი წყება სპეც. ჩანართებისა (უმთავრესად ეკლესიის ისტორიიდან და ქრონოლ. მითითებანი) და გაამდიდრა მრავალი ახ. ცნობით. რაც მთავარია, კომისიამ დაამუშავა XIV – XVII სს. საქართვ. ისტორია და შეიტანა „ქართლის ცხოვრებაში“. ამიტომ XVIII ს. ავტორებმა ვახტანგისეულ რედქციას ანუ ე. წ. შევსებულ „ქართლის ცხოვრებას“ „ა. ქ. ც.“ უწოდეს, საპირისპიროდ იმ „ქართლის ცხოვრებისა“, რ-იც ვახტანგ VI-ის წინა ხანაში იყო მომზადებულ-გადანუსხული.
ლიტ.: გრიგოლია კ., ნარკვევები საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობიდან, [ტ.] 1 – ახალი ქართლის ცხოვრება, თბ., 1954.
კ. გრიგოლია.