ახალი შუამთა, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თელავის მუნიციპალიტეტში, სამონასტრო კომპლექსი, რ-ის მთავარი ნაგებობა – ღვთისმშობლის შობის ეკლესია – აშენებულია XVI ს. 40-იან წლებში ლევან კახთა მეფის მეუღლის თინათინ დედოფლის თაოსნობით (ანდერძის თანახმად, იგი აქვეა დაკრძალული).
მიეკუთვნება კახეთის ეკლესიების ჯგუფს, რ-იც გარკვეული თავისებურებებით გამოირჩევა: ეს არის აგურის გუმბათოვანი შენობები ძლიერ აზიდული პროპორციებით. გეგმა წინა საუკუნეებში შემუშავებულ ტრადიციას მისდევს: მოკლე სწორკუთხედი შვერილთა გარეშე, აფსიდიანი საკურთხეველი, სამი სწორკუთხა მკლავი და ბემიანი აფსიდი. გუმბათი ორ თავისუფლად მდგარ ბოძსა და საკურთხევლის კედლებს ეყრდნობა, გუმბათის ყელში 8 ვიწრო მაღალი სარკმელია. ეკლესიას ჰქონდა სამმხრივი გარსშემოსავლელი, რ-იც ახლა აღარ არსებობს. თუმცა ტაძრის ძირითადი სტრუქტურა სავსებით ქართულია, მაინც ფასადთა დამუშავება ბრტყელი ისრულთაღოვანი ნიშნების სისტემით, აგურის წყობით გამოყვანილი ჯვრები და სახეები ირან. გავლენის შემოღწევას მოწმობს. ეკლესია შიგნით მოხატულია. აღსანიშნავია ცნობილი კომპოზიცია, რ-ზედაც გამოსახული არიან ქალი, მამაკაცი და ყმაწვილი. სამეცნ. ლიტ-რაში ისინი თინათინის, ლევანისა და მათი ძის გიორგის გამოსახულებადაა მიჩნეული. ეკლესიის გვერდით დიდი, მრავალსართულიანი კოშკი-სამრეკლოა, რ-იც, გადმოცემის თანახმად, თინათინ დედოფლის ძიძის აშენებულია და ტაძრის თანადროულია. საშენ მასალად გამოყენებულია ძირითადად რიყის ქვა, შერეულია აგურიც. I სართული წარმოადგენდა 7 მ სიმაღლის დარბაზს, რ-იც შეკეთების დროს ორ სართულად გაუყვიათ. II სართული საკუთრივ თინათინ დედოფლის საცხოვრებელი ყოფილა (მისი მონაზვნად აღკვეცის შემდეგ). კოშკი დაგვირგვინებული იყო სამრეკლოს ფანჩატურით. სართულებზე ადიოდნენ კოშკის კედლებში დატანებული კიბეებით. ძლიერ დაზიანებული ა. შ-ის მონასტრის ეკლესია ერეკლე II-ის დროს განუახლებიათ და საფუძვლიანად შეუკეთებიათ (1762-ის შემდეგ), ამის შესახებ ნათქვამია ტაძრის დას. კარის წირთხლის წარწერაში. 1820 ძეგლი ისევ შეუკეთებიათ, ხოლო 1850 ცდილან აღედგინათ მოხატულობა. ამ დროს უნდა იყოს შეთეთრებული ტაძარი და რესტავრირებული სამრეკლო. ძეგლზე შეიმჩნევა XIX ს. შეკეთებათა კვალიც. ა. შ-ის ეკლესიათა ჯგუფს მიეკუთვნება აგრეთვე გრემის მთავარანგელოზთა, შიხიანის „აღდგომის“, ჭიკაანის ეკლესიები.
ლიტ.: Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959.
ვ. ბერიძე