ახალსოფლის განძი, უნიკალური განძი, რ-იც შედგება 55 კოლხური თეთრისაგან. აღმოჩენილია 1913 სოფ. ახალსოფელთან (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). იგი ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი განძია, რ-შიც თავმოყრილია კოლხური თეთრის (ძვ. წ. VI–IV სს.) სხვადასხვა ნომინალი (დიდრაქმები, I და II ტიპის ნახევარდრაქმები) და ამდენად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კოლხური თეთრის გენეზისის გარკვევისა და დათარიღებისათვის. ა. გ. შეიცავს აგრეთვე კოლხური ნახევარდრაქმის ახ. ტიპს (მასა 2,21 – 2, 61 გ), რ-ის ავერსზე გამოსახულია ლომის თავი პროფილში, ხოლო რევერსზე – ძუ ლომის პროტომა.
ლიტ.: მაკალათია ს., ახალი ტიპის კოლხური მონეტების აღმოჩენა, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1947, ტ. 14 B.
გ. დუნდუა