ამბროზია (Ambrosia), ერთ ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა.
აქვს 20-იდან 300 სმ-მდე სიმაღლის ღეროები და ფრთისებრ ან თათისებრ დანაკვთული ფოთლები. ა. ჩრდილოამერიკული გვარია; გვარში 35-40 სახეობაა. საქართველოში იზრდება გზადმოყოლილი 3 სახეობა: ავშანფოთოლა ა. (A. artemisiifolia), სამნაკვთიანი ა. (A. trifida) და A. Aptera; მათგან სამნაკვთიანი ა. და A. Aptera ჯერჯერობით მხოლოდ აფხ. ზღვის სანაპირო ზოლის რუდერალური ადგილებიდანაა ცნობილი, ხოლო ავშანფოთოლა ა. აფხაზეთის გარდა გვხვდება გურიასა და იმერეთში, ქართლსა და კახეთში; ეს სახეობა უხვად ივითარებს თესლს და სწრაფად ვრცელდება.
მეტად აბეზარი საკარანტინო სარეველაა. ა-ის მტვერი იწვევს დაავადებას, რ-იც თივისმიერი ცხელების სახელით არის ცნობილი.
ლ. ხინთიბაძე