ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია)

ამბროსი. კათოლიკოს-პატრიაქი.

ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია) (7. IX. 1861 – 29. III. 1927, თბილისი), საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქი 1921–27.

დაიბადა მარტვილში. 1885 დაამთავრა თბილ. სას. სემინარია. 1887–96 მღვდლად იყო სოჭში, შემდეგ სოხუმში. იყო აგრეთვე სოხუმის, ახალი ათონისა და ლიხნის საეკლ.-სამრევლო სკოლების ზედამხედველი, ქართ. ენის მასწავლებელი.

1897 შევიდა ყაზანის სას. აკადემიაში და 1900 იქვე აღიკვეცა ბერად. აკად. დამთავრების შემდეგ 1901 დაინიშნა ჭელიშის მონასტრის (რაჭა) არქიმანდრიტად. 1904 გადაიყვანეს თბილისში სინოდალური კანტორის წევრად და ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრად.

XIX ს. 90-იან წლებში ა. იბრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორული და შოვინისტური პოლიტიკის წინააღმდეგ აფხაზეთში. გამოდიოდა პრესაში შავრაზმელი გოლუბცოვისა და ეპისკოპოს არსენის (იზოტოვი) წინააღმდეგ, რ-ებიც აფხაზებს უნერგავდნენ ქართვ. მოსახლეობის სიძულვილს და დევნიდნენ ქართ. ენას.

ა. აქტიურად იბრძოდა ქართ. ეკლესიის დამოუკიდებლობის (ავტოკეფალიის) აღდგენისათვის. ამის გამო სხვა ავტოკეფალისტებთან ერთად 1905 რუსეთში გადაასახლეს. 1908 ა-ს დამატებით წაუყენეს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდება. 1910 გაამართლეს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს. საქართველოში ჩამოსვლის (1917 აგვ.) შემდეგ ა. იყო ჭყონდიდის, ხოლო შემდეგ აფხაზეთისა და ცხუმის მიტროპოლიტი, 1921 სექტ-იდან საქართვ. კათოლიკოსი.

ა. კრებდა და იკვლევდა ქართ. ისტ. სიძველეებს, პეტერბ. „უწყებებში“ და ქართ. პერიოდულ პრესაში „ამბერის“ ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს საქართვ. პოლიტ., კულტ. და საეკლ. წარსულისა და მიმდინარე ვითარების შესახებ. საყურადღებოა 1902–03 ა-ს მიერ რაჭაში მიკვლეული ხელნაწერებისა და სხვა სიძველეების აღწერა-შესწავლა. ამ მასალას იგი ბეჭდავდა ჟურნ. „განთიადში“ (№ 2, 3, 10–1915) და „ცხოვრებაში“ (№ 2, 3, 5–1915; №1, 9 , 10, 11, 15, 17, 18–1916; №1–4, 1917).

ა-მ აღმოაჩინა „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ჭელიშური ვარიანტი, რ-ის შესახებ 1907 მოხსენება წაიკითხა საქართვ. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზ-ბის სხდომაზე, 1911 კი ცალკე წიგნად დაბეჭდა.

ა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხშირად გამოდიოდა ქადაგებებით, მისი გამოსვლები ხელს უწყობდა ქართვ. ერის კონსოლიდაციას, სულიერ და ზნეობრივ აღზრდას. აღსანიშნავია ა-ს სიტყვა, რ-იც მან ი. ჭავჭავაძის პანაშვიდზე წარმოთქვა სიონის ტაძარში (1907 წ. 8 სექტ.).

1922 თებ-ში ა-მ გენუის საერთაშ. კონფერენციას მემორანდუმი გაუგზავნა, რ-შიც ქართვ. ხალხის სახელით საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანა და რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა, რის გამოც იგი დააპატიმრეს.

1926 გაათავისუფლეს და კათოლიკოსობა დაუბრუნეს, მაგრამ მალე გარდაიცვალა.

დაკრძალულია სიონის ტაძარში.

1995 საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ა. წმინდანად შერაცხა და ა. აღმსარებელი უწოდა, (2013), მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

თხზ.: ჭელიშის ვარიანტი „ქართლის მოქცევისა“, ტფ., 1911; მე შევასრულე ჩემი მოვალეობა, «მნათობი», 1988, № 10.

ლიტ.: ჭიჭინაძე ზ., ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე და ქართული სტამბა. 1672–1913, ტფ., [1913]; Духовный вестник Грузинского экзархата. Проложение, 1900, № 6.

ბ. ლომინაძე