ახალუხი

ახალუხი, საგულე, ქართული ხალხური კოსტიუმის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი.

სამოსლის ანალოგიური ტიპი გავრცელებულია კავკ. ხალხებში და აზიის ზოგ სხვა კუთხეში. მამაკაცები ა-ს პერანგზე, ჩოხის ქვეშ იცვამდნენ, ქალები კი – კაბაში.

ა. წელში გამოყვანილი, კალთებიანი, წინ ჩახსნილი, დაბლასაყელოიანი ან გულამოღებული, გრძელსახელოიანი და ვიწრომაჯიანი სამოსელია; თარგისა და დანიშნულების მიხედვით ცნობილია მისი რამდენიმე სახესხვაობა: მოკლე ან გრძელკალთიანი, გულგადაფარებული ანუ გადახვეული, დალიანდაგებული, საზაფხულო (სარჩულიანი) და საზამთრო (დაბამბული). აღმ. საქართველოს ბარში გავრცელებული მოკლეკალთიანი, წელში ნაოჭასხმული და ჩაქდაყრილი ა. ყელიდან წელამდე დუგმებზე ან ყაითნის ღილკილოებზე იკვრებოდა. გრძელი, სწორკალთიანი ა. იმერული ჩოხის თარგთან იყო შეწყობილი. გულგადაფარებული ა-ის მარცხ. გული მარჯვენაზე იყო გადადებული და აქეთ-იქით სიგრძეზე მრავალი ყაითნის ღილით შემკული. ზედა სამოსლად ხმარობდნენ აღმ. საქართველოს ქალაქის ხელოსნები და წვრილვაჭრები. დალიანდაგებულ ა-ს უმთავრესად მთაში იცვამდნენ. ა-ის შესაკერ მასალად გლეხები თალხი ფერის ბამბის ქსოვილს, უმთავრესად სატინს ხმარობდნენ, შეძლებული ფენები კი – ფერად აბრეშუმს, თხელ მაუდს, ხავერდსა და სხვა ძვირფას ქსოვილს (ასეთი ა-ებია ჩამოთვლილი XVII – XVIII სს. მზითვის წიგნებსა და ამ პერიოდის სხვა ისტ. წყაროებში).

ლიტ.: ჩაჩაშვილი გ., ქართლელი გლეხი მამაკაცის კოსტიუმი XIX საუკუნისა, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1957, ტ. 19A და 21B; ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, [ტ.] 3 – 4, თბ., 1962.

ლ. მოლოდინი