ახალქალაქის განძი

ახალქალაქის განძი, ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისის არქეოლოგიური ძეგლი, აღმოჩნდა 1908 სოფ. ახალქალაქში (კასპის მუნიციპალიტეტი).

ბრინჯაოს 11 ცენტრალურ-ამიერკავკასიური, 4 კოლხური ცული და ასიოდე კგ. ბრინჯაოს ზოდები მოთავსებული იყო თიხის ჭურჭელში. დაზიანებული კოლხ. ცულებისა და ბრინჯაოს ზოდების მიხედვით იგი მელითონის – მდნობელის განძია და ამ მხარეში ბრინჯაოს სადნობი სახელოსნოს არსებობაზე მიუთითებს. ა. გ. მნიშვნელოვანია კოლხური ცულების გავრცელებისა და კოლხეთის და ცენტრ. ამიერკავკასიის არქეოლ. კულტურათა ურთიერთობის შესწავლის თვალსაზრისით.

ლიტ.: აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური მასალების კატალოგი, ტ. 2, თბ., 1955; საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959.

დ. ქორიძე