ახალქალაქის ნამარხი ფაუნა, მეოთხეული პერიოდის დასაწყისის (ადრინდ. პლეისტოცენი) ნამარხ ძუძუმწოვართა კომპლექსი სამხრ. საქართვ. ტერიტორიაზე (ახალქალაქის მიდამოებში).
ამ ფაუნის წარმომადგენლები ბინადრობდნენ დაახლ. ერთი მილიონი წლის წინათ სტეპებისა და ნახევრად სტეპის ლანდშაფტურ პირობებში. ამ დროს სამხრ. საქართველოს ტერიტორიაზე გაბატონებული უნდა ყოფილიყო შედარებით მშრალი თბილი ან ზომიერად ცხელი ჰავა. ახალქალაქის ძუძუმწოვართა ფაუნის თავისებურებათა ჩამოყალიბება განაპირობა ამიერკავკ. ტერიტ. მეტ-ნაკლებმა იზოლაციამ მცირე აზიისაგან. ა. ნ. ფ-ში დადგენილია ზღარბი, ზაზუნა, მგელი, ხალებიანი აფთარი, დათვი, ჭრელტყავა, წავი, მაჩვი, ვეფხვი, სამხრეთისა და ზროგონთერული სპილოები, ჰიპარიონისმაგვარი და ზუსენბორნული ცხენები, მარტორქა, ჰიპოპოტამი, გიგანტური ირემი, ხვეულრქიანი ანტილოპა, ჯიხვი, პირველყოფილი ძროხა, ბიზონი და სხვ.
ა. ნ. ფ-ს დიდი მნიშვნელობა აქვს ამიერკავკ. ხმელეთის ხერხემლიანთა ფაუნის პალეობიოლ. ისტორიისა და ადრინდ. მეოთხეული კონტინენტური ნალექების სტრატიგრაფიის გაშუქებისათვის.
ა. ვეკუა