ამიერკავკასიური მარმარა ღრაჭა (Polyphylla olivieri), მწერი ხეშეშფრიანთა რიგისა.
გავრცელებულია საბერძნეთში, მცირე აზიაში, სირიაში, სამხრ. ირანსა და ამიერკავკასიაში. გვხვდება როგორც აღმ., ისე დას. საქართველოში. აქვს 26–36 მმ სიგრძის მოგრძო ოვალური სხეული. ზედა ფრთები მარმარილოს ზედაპირს წააგავს და სახელწოდებაც აქედანაა წარმომდგარი. განაყოფიერებული დედლები ნიადაგში 5–35 სმ სიღმეზე 41-მდე კვერცხს დებენ. ახლად გამოჩეკილი მატლები პირველ წელიწადს იკვებებიან მცენარეთა დამპალი ნაწილებით, შემდეგ კი ცოცხალი მცენარეების ფესვებით. იზამთრებენ ნიადაგში. მესამე და მეოთხე წლის გაზაფხულზე მატლები ნიადაგის ზედა ფენაში ამოდიან და მაისის ბოლოს და ივნისში იჭუპრებენ.
ხოჭოები გვხვდება ივნისიდან აგვ. ბოლომდე. მასობრივად ფრენენ ივლისში. ა. მ. ღ-ს მატლები აზიანებენ ხემცენარეთა ფესვსა და ფესვის ყელს. დაზიანებული ახალგაზრდა მცენარე იღუპება. მავნებელი განსაკუთრებით აზიანებს ვაზს. მეტადრე დიდი ზიანი მოაქვს მესამე ხნოვანების მატლებს სანერგეებსა და ახლად გაშენებულ ვენახებში.
ი. ჯამბაზიშვილი