ამიერკავკასიური ზაზუნა (Mesocricetus brandti), ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა.
გავრცელებულია ბულგარეთში, რუმინეთში, მცირე აზიაში, ჩრდ.-დას. ირანში, ამიერკავკასიაში, დაღესტანში. საქართველოში გვხვდება ლიხის (სურამის ქედის აღმ-ით: სამცხე-ჯავახეთში, ქართლში, კახეთში. ვერტიკალურად ვრცელდება ზ. დ. 2800 მ-მდე. ბინადრობს ველებზე, ნათეს მინდვრებში, ზეგნებზე, ზოგჯერ 2 მ-მდე სიღრმის სოროს თხრის. აქვს 40–50 გ ტევადობის ლოყისქვეშა პარკები, რ-ებიც იხსნება პირის ღრუში. ამ პარკებით ა. ზ-ს საკვები გადააქვს და იკეთებს ზამთრის მარაგს. მრავლდება წელიწადში 2-ჯერ. თითოეულ ჯერზე შობს 12–15 ნაშიერს. ზიანს აყენებს მარცვლეულის ნათესებს. საქართველოში მცირერიცხოვანია. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“.
ვ. ფიცხელაური