ამქარი

ამქარი

ამქარი (სპარს. ჰამქარ – თანამოსაქმე), ერთი ან მონათესავე ხელობის ოსტატთა გაერთიანება, რომელსაც გარკვეული წესდება აქვს.

წესდებაში აღნუსხულია ა-ის როგორც კორპორაციის ფუნქციები, წევრთა უფლება-ვალდებულებანი, წარმოების პირობები, წარმოების საშუალებები, სახელოსნოს ორგანიზაცია, პროდუქციის რეალიზაციის წესები და სხვ. ა-ის წარმოშობა დაკავშირებულია ქალაქების წარმოშობასა და განვითარებასთან. მისი ორგანიზაციული ჩამოყალიბება განპირობებული იყო სხვადასხვა ფაქტორით: წვრილ მწარმოებელთა ინტერესების დაცვის აუცილებლობით, ქალაქსა და სოფელს შორის ეკონ. და პოლიტ. ანტაგონიზმით, ფეოდ. ექსპლუატაციის შესუსტების საჭიროებით. ჩვენში ა-მა, როგორც პროფ. ორგანიზაციამ, შედარებით ჩამოყალიბებული სახე XVII–XVIII სს-ში მიიღო, როცა შემუშავდა ა-ის შინაგანი სტრუქტურა, ჩამოყალიბდა მისი ადმ. აპარატი, გაირკვა ურთიერთობა ქალაქის მმართველობასა და მეფის ხელისუფლებასთან, გამოიკვეთა პროფ. ორგანიზაციების ზოგადი ფუნქციები და მათი როლი ფეოდ. სახელმწიფოს ეკონ. და საზ. ცხოვრებაში.

თბილისში ა-ის პროფ. ორგანიზაციად ჩამოყალიბებას წინ უძღოდა ხელოსანთა და ვაჭართა სხვადასხვა ტიპის გაერთიანებები. ა-ის გაჩენას ხელი შეუწყო ფეოდ. ეპოქის საზ. სტრუქტურისათვის დამახასიათებელმა სოც.-რელიგ. ჯგუფების კორპორაციულობამ. სიტყვა „ამქარი“ საქართველოში XIX ს-იდან გავრცელდა. მანამდე თბილისში ხელოსანთა გაერთიანებების გამოსახატავად ხმარობდნენ „ჯამაათს“, „ურთაღს“, „ოფიქალს“, „თაბუნს“, „ასნაფს“. XIX ს. II ნახ-იდან „ამქარი“ ერქვა არა მარტო ხელოსანთა, არამედ ვაჭართა გაერთიანებებსაც.

ა. ტერიტ. გაერთიანებაც იყო. XVII–XVIII სს-ში მას ეჭირა ქალაქის გარკვეული ნაწილი (უბანი, ქუჩა, მცირე ბაზარი, დიდი ბაზრის რიგი და სხვ.). ასეთი იყო, მაგ., ზარაფხანა, სირაჯხანა, ფეიქართა ქუჩა, ოქრომჭედელთა ქუჩა და სხვ. თბილისში იყო პროფესიის წარმომადგენელთა ა-ებიც, მაგ., ტვირთის მზიდავი მუშების, მეთულუხჩეების, მედროგეების, მეტყავეების, მღებავების, ოქრომჭედლების, თერძების, ბაყალთა და სხვ. ა-ების უმეტეს ნაწილს ჰქონდა საკუთარი სიმბოლოები და დროშები. დროშათა უმეტესობაზე ილია წინასწარმეტყველი იყო გამოსახული, დურგლების ა-ის დროშაზე – ნოეს კიდობანი, მღებავების დროშაზე – მოციქული თადეოზი ხელთუქმნელი ხატით, ბაყალთა დროშაზე – მიქელ მთავარანგელოზი მახვილითა და სასწორით და სხვ.

ა-ს სათავეში ედგა არჩეული უფროსი – უსტაბაში. 1865 ა-ების აჯანყების შემდეგ რუს. მეფის მთავრობამ შეზღუდა მათი უფლებები. თბილისში 150-მდე ა-იდან მხოლოდ 17 დატოვეს, უსტაბაშებს კი მეფის ხელისუფლება ამტკიცებდა. თბილისურმა ა-ებმა 1921-მდე შეინარჩუნეს შიდა სტრუქტურა და ტრადიციები (იხ. აგრეთვე სტ. ამქრული წყობილება).

ჯ. კახნიაშვილი

ნ. შიოლაშვილი