ახალციხის მაზრა, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში.
მოიცავდა დღევანდელი ახალციხის, ადიგენისა და ნაწილობრივ ასპინძის მუნიციპ-ების ტერიტორიას. შეიქმნა 1840, როდესაც ყოფილი ახალციხის (ჩილდირის) საფაშო ადრიანოპოლის 1829 საზავო ხელშეკრულებით რუს. იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. მაზრის ტერიტ. 10 ოკრუგად დაიყო. ადმ. ცენტრი იყო ახალციხე. 1840 ა. მ. შევიდა საქართველო-იმერეთის გუბერნიაში, ხოლო 1846 ხერთვისისა და აბასთუმნის საპოლიციო უბნებიანად (უჩასტკებით) – ახალშექმნილ ქუთ. გუბერნიაში. 1849 შეუერთეს ახალქალაქის საპოლიციო უბანი. 1867 თბილ. გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა. 1874 გამოეყო ახალქალაქის მაზრა. 1905 მაზრას 2635 კმ² ეკავა. დასახლ. პუნქტი – 193; მოსახლეობა – 58879 კაცი. რუს. შემადგენლობაში შესვლის შემდეგ მოსახლეობის ეროვნ. შემადგენლობა მკვეთრად შეიცვალა. თვითმპყრობელობის ანტიეროვნ. პოლიტიკის შედეგად მაჰმადიან ქართველთა უდიდესი ნაწილი ოსმალეთში გადასახლდა. მათ ადგილზე ჩამოსახლდენენ ოსმალეთიდან დევნილი ქრისტიანი სომხები, ბერძნები და სხვ.
ა. მ. გაუქმდა 1930.
ო. ჟორდანია