ატენის სიონი, VII ს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ისტ. შიდა ქართლში, თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ტანის შუა წელზე, სოფ. ატენში, გორიდან 10 კმ-ზე. ა. ს. მცხეთის ჯვრის ტიპის ხუროთმოძღვრულ ძეგლთა წრეს მიეკუთვნება, რაც კარგად ჩანს როგორც შიგა სივრცის ორგანიზაციაში, ისე გარე მასების არქიტ.-კონსტრ. და მხატვრულ გადაწყვეტაში. ა. ს. თლილი ქვით ნაგები ცენტრალურგუმბათოვანი ტაძარია. იგი აღმართულია საკმაოდ მოზრდილ ხელოვნურ ბაქანზე ‒ სუბსტრუქციაზე. ტაძრის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რ-ის ოთხივე მკლავი აფსიდით მთავრდება. მკლავების გადაკვეთაზე შექმნილი კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასასვლელად გამოყენებულია ტრომპების სამი რიგი. მკლავებს შორის, ოთხივე კუთხეში მოთავსებულია თითო კამერა, რ-ებიც ძირითად სივრცესთან ნიშებით და კარის ღიობებით არიან დაკავშირებული. ა. ს-ში ჩატარებულმა არქეოლ. გათხრებმა სუბსტრუქციის ცენტრ. ნაწილში, VII ს. ტაძრის ქვეშ გამოავლინა თავდაპირველი ეკლესიის ნაშთები და ამავე ბაქანში ჩაკვეთილი სამარხი, რ-შიც თიხის სარკოფაგი იდგა (ქართლში თიხის სარკოფაგებს მხოლოდ IV – V სს-ში იყენებდნენ). თავდაპირველი ეკლესია V ს-ით თარიღდება, რასაც ადასტურებს არქეოლ. გათხრებით აქვე მოპოვებული არქიტ. ფრაგმენტები და პროკონესული მარმარილოს მცირე ფორმის არქიტ. დეტალები. ტაძრის ერთ რელიეფს, რ-იც დავით გარეჯელი|დავით გარეჯელის ერთ-ერთ სასწაულს ასახავს, რელიეფის ავტორის – თოდოსაკის ხელმოწერა ახლავს. ა. ს-ის შესწავლამ ცხადყო, რომ ტაძრის ფასადებზე და გუმბათის ყელზე განაწილებულ მრავალრიცხოვან რელიეფურ ქანდაკებათა შორის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო ტაძრის სინქრონული. რელიეფთა უმრავლესობა X ს. მიწურულს განუახლებიათ. თოდოსაკის სომხ. სამშენებლო წარწერის შესწავლით დადგინდა, რომ იგი X ს. ახლო წლებში ან მის მერე ამოკვეთეს ტაძრის ფასადზე, მეორე სომხური წარწერის შესწავლამ ცხადყო, რომ სარესტავრაციო სამუშაოები ა. ს-ში 982 – 986 ჩაუტარებიათ (იხ. სტ. ატენის სიონის წარწერები). აქედან გამომდინარე თოდოსაკი ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების მწარმოებელი ჩანს და არა ამშენებელი (თუმცა აკად. გ. ჩუბინაშვილი თოდოსაკს ტაძრის ამშენებლად მიიჩნევდა).
ა. ს-ის მოხატულობა მკაფიოდ ეროვნ. ხასიათისაა (რელიგ. სიუჟეტები, ქართვ. მეფეთა და ადგილ. ფეოდალთა ფრესკები). კომპოზიციათა მხატვრული გააზრების, პერსონაჟთა სხეულისა და სახის ნატიფი მოდელირების, არტისტული გამომსახველობისა და ჟღერადი კოლორიტის გამო იგი ქართ, მონუმ. ფერწერის საეტაპო ნაწარმოებად ითვლება.
ა. ს-ის მოხატულობის თარიღზე და ქტიტორთა იდენტიფიკაციაზე ქართ. ხელოვნებათმცოდნეობაში სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. შ. ამირანაშვილი მხატვრობას 906 წლით ათარიღებს. შმერლინგი რენე|რ. შმერლინგის მოსაზრებით, მოხატულობის წარწერები პალეოგრაფიულად XI ს. II ნახ. ნიმუშებთან პოულობენ მსგავსებას და ქტიტორების ვინაობაც ამის მიხედვით უნდა დადგინდეს. ა. ს-ის მოხატულობის შესწავლამ გაარკვია, რომ აქ მეწინავე ქტიტორად გამოსახულია გიორგი მწიგნობართუხუცესი ‒ დავით IV-ის აღმზრდელი და მისი პოლიტ. პროგრამის თანაავტორი. მეორე ქტიტორია ჭაბუკი დავით IV, შემდეგში აღმაშენებლად წოდებული. აქვეა გამოსახული ბაგრატ IV ატენის ქალაქთმშენებლობაში გაწეული ღვაწლისათვის. მომდევნო ქტიტორი ‒ სუმბატ აშოტის ძე (ყრმა უფლისწულთან ერთად) ატენის ქვეყნის მფლობელია. ბოლოში მოქცეულია გიორგი II და მისი მეუღლე, რაც სამეფო კარზე მომხდარი გადატრიალების შემდეგ შექმნილ რეგლამენტაციას გამოხატავს. ის ფაქტი, რომ ქტიტორთა მწკრივში ვერ მოხვდა ბაღვაშთა სახლის წარმომადგენელი , რ-იც ამ დროს ფლობდა თრიალეთის კლდეკარს და ატენის ქვეყანას, საფუძველს იძლევა დავასკვნათ, რომ ეს მოხატულობა 1094 ახლო ხანებშია შესრულებული, როდესაც დავით IV-მ შეიპყრო ლიპარიტ ბაღვაში და საბერძნეთში გადაასახლა. ქტიტორთა მწკრივში გამოისახნენ ბაგრატიონთა სახლის იმ ერთი შტოს წარმომადგენლები ‒ სუმბატ აშოტის ძე და ყრმა უფლისწული აშოტი, რ-თა წინაპრები ძველთაგანვე ფლობდნენ ატენის ქვეყანას და სიონი მათ საძვალეს წარმოადგენდა.
გ. აბრამიშვილი
1991 გამოქვეყნდა თ. ვირსალაძის ნაშრომი, რ-შიც ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქმულია შემდეგი მოსაზრება: პორტრეტთა მწკრივში თანმიმდევრობით წარმოდგენილნი არიან: 1) გიორგი მთაწმიდელი, დიდი სასულიერო მოღვაწე, რ-მაც თავისი ცხოვრების ბოლო წლები (1060 – 65) ბაგრატ IV-ის მოწვევით საქართველოში გაატარა. იგი აქტიურად იბრძოდა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობისა და სიწმინდისათვის. ბაგრატ IV-მ მას, როგორც სულიერ მამას, მიაბარა თავისი ძე გიორგი II; 2) თვით ჭაბუკი გიორგი II; 3) მამამისი მეფეთ მეფე ბაგრატ IV; 4) მისი ნათესავები სუმბატ აშოტის ძე და მისი ძე აშოტი; 5) ბაგრატ IV-ის დედა დედოფალთ დედოფალი მარიამი; 6) ბაგრატის და დედოფალი გურანდუხტი. მხატვრობის შესრულების თარიღად მიჩნეულია 1067–68.
ვ. ბერიძე
ლიტ.: აბრამიშვილი გ., ატენის სიონის საქტიტორო წარწერა, «ძეგლის მეგობარი», 1969, № 19; ვირსალაძე თ., ატენის სიონის მხატვრობის დათარიღებისა და კტიტორთა პორტრეტების იდენტიფიკაციის საკითხისათვის, «ქართული ხელოვნება», 1991, № 10-ა; Абрамишвили Г., Два строительных периода Атенского Сиона, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1972, № 1; Амиранашвили Ш. Я., История грузинской монументальной живописи, т. 1, Тб., 1957; Чубинашвили Г. Н., Памятники типа „Джвари“. Исследование по истории грузинского искусства, Тб., 1948.