ატენის სიონის წარწერები, ტაძრის კედლებზე დღემდე შემორჩენილი წარწერები ქართულ, სომხურ, ბერძნულ, არაბულ, სირიულ, ებრაულ და სლავურ ენებზე, აგრეთვე ქართ. გრაფემებით შესრულებული ბერძნ. და ებრაული ტექსტები. წარწერები შესრულებულია სხვადასხვა ტექნიკით: კვეთით, საღებავით, კაწვრით. არის შერეულიც ‒ ამოკვეთილი და შემდეგ საღებავით დაფარული. დანიშნულების მიხედვით ა. ს. წ. ასე ჯგუფდება: განმარტებითი წარწერები ფრესკებზე, ეპიტაფიები, ქტიტორული წარწერები, შეწირულებანი, პილიგრიმული გრაფიტები, ისტ. შინაარსის მინაწერები და სხვ. ქრონოლოგიურად ისინი მოიცავენ პერიოდს VIII ს-იდან XIX ს. ჩათვლით. ინტერიერში წარწერების დიდი ნაწილი დაფარულია XI ს. ფრესკებით. ა. ს. წ-ის უმრავლესობა ქართულია; ისინი ასახავენ ქართ. დამწერლობის განვითარების ყველა საფეხურს: მრგლოვან ასომთავრულს, ნუსხა-ხუცურს, მხედრულსა და მათ შორის გარდამავალ სახეობებს.
ა. ს. წ. უმნიშვნელოვანეს მასალას გვაწვდიან როგორც თვითონ ძეგლისა და რეგიონის, ისე საერთოდ საქართვ. პოლიტ. და კულტ. ისტორიისათვის. მათი შესწავლის საფუძველზე დადასტურდა ატენის სიონის მშენებლობის ორი ეტაპი ‒ VII და X სს. და მეორე ეტაპზე სომეხი მშენებლების მონაწილეობა რესტავრატორ თოდოსაკის მეთაურობით; XI ს. ლაპიდარული წარწერა გვაძლევს ცნობებს ქალაქ ატენის მშენებლობის შესახებ. სტეფანოზ მამფალის 739 ფრესკულ წარწერაში იკითხება ქართ. ისტორიოგრაფიისათვის მანამდე უცნობი ტერმინი „ქართველთა და მეგრელთა ერისთავთ ერისთავთა უფალი“, რ-იც დოკუმენტურად ადასტურებს აღმ. და დას. საქართველოთა პოლიტ. ერთიანობას XI ს-ზე გაცილებით ადრე. ატენის სიონის ინტერიერის კედლებზე აღმოჩენილმა წარწერებმა ახლებურად დაათარიღეს ნუსხური და მხედრული დამწერლობების განვითარების უძველესი ეტაპები: ნუსხური თარიღიანი ‒ 835, მხედრული თარიღიანი ‒ 875, სამხრეთის აფსიდის დას. კედელზე გაიშიფრა ქართ. რითმიანი პოეზიის ორი უძველესი ნიმუში, დათარიღებული 840/841, ხოლო ვრცელმა ციტატებმა ქართ. ბიბლიის წიგნებიდან გვიჩვენეს დღეისათვის ცნობილი ნუსხებისაგან განსხვავებული რედაქციები.
ლიტ.: აბრამიშვილი გ., ატენის სიონის უცნობი წარწერები, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1976, № 2; მისივე, სტეფანოზ მამფალის ფრესკული წარწერა ატენის სიონში, თბ., 1977; მისივე, ატენის სიონის სამი გრაფიტი, «მნათობი», 1984, № 9; აბრამიშვილი გ., ალექსიძე ზ., მხედრული დამწერლობის სათავეებთან, «ცისკარი», 1978, № 5 – 6; ალექსიძე ზ., ატენის სიონის სომხური წარწერები, თბ., 1978; მისივე, ატენის სიონის ოთხი წარწერა, თბ., 1983; ბარნაველი თ., ატენის სიონის წარწერები, თბ., 1957; ფრესკული წარწერები, I ‒ ატენის სიონი, გ. აბრამიშვილის და ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1989.
ზ. ალექსიძე