ატენის ხეობა, ატენის ხევი, ხეობა შიდა ქართლში, მოიცავს მდ. ტანის აუზს (ძირითადად ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტის სამხრ. ნაწილს, თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთებს). ხეობა უძველესი დროიდანვეა დასახლებული, რასაც მოწმობს ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები და სამაროვნები. იბერიის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ იგი შედიოდა სპასპეტის საგამგეოში და, როგორც ჩანს, ცალკე ადმ. ერთეულს ‒ ხევს წარმოადგენდა. „ტანის ხევის“ სახელით ეს ადმ. ერთეული ცნობილია IV–VII სს-ში. ამ დროისათვის „ტანის ხევი“ მოიცავდა არა მხოლოდ საკუთრივ ა. ხ-ს, არამედ თეძმის ხეობასაც. ამ ერთეულის ცენტრი იყო დეკციხე, ეს უძველესი ცნობა შემორჩენილია სომხ. გეოგრაფიაში. თეძმის ზემო დინებაში დღესაც ჩანს ციხის ნანგრევები, რ-საც ვახუშტი დედა-ციხეს უწოდებს. ა. ხ-ზე გადიოდა გზები, რ-ებიც თრიალეთს, ჯავახეთსა და ზემო ქართლს აკავშირებდა შიდა ქართლთან. ამ გზების არსებობამ განაპირობა ადრინდ. ფეოდ. ხანაში ა. ხ-ის მჭიდრო დასახლება. ა. ხ-ის სამეურნეო-კულტ. განვითარებისა და მნიშვნელობის დამადასტურებელია ადრინდ. ფეოდ. ციხესიმაგრეების მშენებლობა (ვერის ციხე, ატენის ციხე და სხვ.), ვერის მონასტრისა და ატენის სიონი|ატენის სიონის აგება. X ს-ში ა. ხ-ის ცენტრი ‒ ატენის ციხე „აფხაზთა მეფის“ ერთ-ერთი რეზიდენცია და საყრდენი პუნქტი იყო ქართლის შემოერთებისათვის ბრძოლაში. ამავე საუკუნის ბოლოს ა. ხ. ბაღვაშთა მფლობელობაში გადავიდა. XI ს-ში ეს ხეობა კვლავ სამეფო დომენს წარმოადგენდა. ბაგრატ IV-ის დროს აქ გაშენდა ქ. ატენი, რ-საც ა. ხ-თან ერთად მეფის მიერ დანიშნული ხელისუფალი განაგებდა. XII ს-ში ა. ხ-ში იყო საქართვ. მეფეთა ერთ-ერთი საჭურჭლე. გვიანდ. შუა საუკუნეებში ა. ხ. სხვადასხვა სათავადოებმა დაინაწილეს და ქართლის მეფეების გარდა აქ მიწებს ფლობდნენ ციციშვილები, სააკაძეები და გლურჯიძეები.
დ. ბერძენიშვილი