ატლანტიკური ზუთხი, ფ ო რ ო ნ ჯ ი (Acipenser sturio Linnaeus, 1758). თევზი ზუთხისებრთა ოჯახიდან (acipenseridae). მკვეთრად გამოხატული მტაცებელი თევზია. სიგრძით 3‒5 მ-მდეა, მასა ‒ 20‒84 კგ., ცოცხლობს 12‒25 წელი. სქესობრივ სიმწიფეს 7‒10 წლის ასაკში აღწევს, მრავლდება მარტიდან ივნისამდე, ნაყოფიერება 120‒250 ათ. ქვირითია. მტკნარი და მარილიანი წყლის თევზია, ეგუება წყლის ჭარბ მარილიანობას.
პირველად ატლანტიკური ოკეანის ევროპული სექტორის ა. ზ. აღწერა კ. ლინემ (1758), დასავლეთ სექტორის კი რაფინესკუმ (1810). იყო ყველაზე მრავალრიცხვოვანი და ფართოდ გავრცელებული ზუთხისებრთა შორის, ბინადრობდა ჩრდილოეთ, ხმელთაშუა, ბალტიისა და შავი ზღვის აუზებში, ევროპის თითქმის ყველა სანაპიროსთან, მდ. ჟირონდასა (საფრანგეთის) და მდ. გვადალკვირირაში (ესპანეთის), ატლანტიკის დასავლეთ სექტორში წმინდა ლავრენტისა და ჰუდზონის აუზებში. ა. ზ. ზუთხების სხვა სახეობებისაგან გამოირჩევა სხეულის უფრო სრულყოფილი, თითისტარისებრი ფორმით (გამონაკლისია სვია და კალუგა), განვითარებული როსტრუმით და კუდის დიდი ფარფლით, მსხვილი, განსაკუთრებით კი ლატერალური ფარეკლებით.
დას. საქართველოში გავრცელებული თევზი ფორონჯი ითვლებოდა a. nudiventris‒სახეობად, თუმცა მ. ტიხიმ (1929) გაარკვია, რომ ფორონჯი იგივე ა. ზ. რიონის (შავი ზღვის) ფორონჯი მორფოლოგიურად ახლოსაა ხმელთაშუა ზღვის და მდ. ჟირონდის ა. ზ-თან მამრის სიგრძეა 152 სმ, მდედრის კი ‒ 215 სმ, საქართველოში გავრცელებულია შავი ზღვის სანაპიროსთან და მდ. რიონში. გადაშენების პირას მდგომი ძვირფასი სარეწაო თევზია, შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში, ბერნის კონვენციის (დაცული ფაუნა) I, II, III დანართში, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUSN) მიხედვით, კრიტიკულ საფრთხეში მყოფია (CR).
ნ. ნინუა