აურეუსი

აურეუსი (ლათ. aurum ‒ ოქრო), რომაული ოქროს მონეტა, ემისია დაიწყო რესპუბლიკის უკანასკნელ წლებში, მაგრამ რომაულ სამონეტო სისტემაში დამკვიდრდა იმპ. ავგუსტუსის დროს (ძვ. წ. 27 ‒ ახ. წ. 14) და იჭრებოდა IV ს. დასაწყისამდე. მასა ‒ 8,19 გ, შუბლზე გამოსახული იყო იმპერატორი ან დედოფალი შესაბამისი ლათ. წარწერით, ზურგზე ‒ სხვადასხვა მითოლ. პერსონაჟი და სცენები, არქიტ. კომპლექსები, ეპიზოდები რომის იმპერიის ცხოვრებიდან და. ა. შ. ა-ის მასამ დროთა განმავლობაში იკლო. ფართოდ იყო გავრცელებული რიგ ქვეყნებში, მ. შ. საქართველოშიც. II–III სს. აღმ. საქართვ. ფულად მიმოქცევაში ა. ძირითადი ერთეული იყო. აღმოჩნდა მცხეთაში, ზღუდერში, ერწოში, ჟინვალში, ურეკში და სხვ. საქართველოში, ისევე როგორც ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, იჭრებოდა ა-ის მინაბაძები.

ლიტ.: დუნდუა გ., საქართველოს მიწა-წყალზე ნაპოვნი იშვიათი რომაული მონეტა, «ძეგლის მეგობარი», 1967, № 13; კაპანაძე დ., მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის 1937–1951 წწ. ნუმიზმატიკური მონაპოვარი «მასალები საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიისათვის», 1955, ტ. 1; Зограф А. Н., Античные монеты, М.‒Л., 1951.

გ. დუნდუა