აუქციონი

აუქციონი (გერმ. Auktion<ლათ. auctio, ნათ. ბრ.-nis ‒ საჯარო ვაჭრობა), წინასწარ შეთანხმებულ დროსა და ადგილზე საქონლის ან სხვა სახის ქონების საჯარო გაყიდვა; საჯარო გაყიდვის ისეთი წესი, როცა ნივთს ის იძენს, ვინც ყველაზე მეტ ფასს გაიღებს. ა-ის მონაწილეებს უფლება აქვთ ა-ზე გამოტანილ ფასეულობათა შესახებ წინასწარ შეიტყონ სრული და სანდო ინფორმაცია.

ა-ს, როგორც მატერ. და არამატერ. ფასეულობათა გაყიდვის დემოკრ. წესს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწ. ქონების პრივატიზაციის დროს. მაგ., „კავკასიის ბირჟამ“ 1991 წ. 19 სექტ. ჩაატარა პირველი ა. სახელმწ. ქონების პრივატიზაციის მიზნით. ა-ის ჩატარებისათვის მნიშვნელოვანია საწყისი ფასის სწორად დადგენა. ა-ს ატარებენ სპეც. სავაჭრო ორგანიზაციები, ცნობილია ნიუ-იორკის, ამსტერდამის, ლივერპულის, სანქტ-პეტერბურგისა და სხვა სავაჭრო ცენტრების ა-ები, რ-ებიც წელიწადში 2–4-ჯერ იმართება. თავისებურია ა-ის ბირჟაც ‒ სპეციალურად ორგანიზებული დაწესებულებებისაგან განსხვავებით, აქ ვაჭრობა სისტემატურად მიმდინარეობს და ა. ორმხრივია (მყიდველიც და გამყიდველიც ბევრია). ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სულ უფრო ფართოდ ვითარდება ელექტრონული ა-ები.

საქართველოში ელექტრონული ა-ს, e-auction.ge-ს, 10 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. მომხმარებელთა უმეტესობას ფიზ. პირები წარმოადგენენ. ა-ზე ქონება ყველაზე ხშირად სახელმწ. მომსახურების სააგენტოს გამოაქვს, სწორედ აღნიშნული ორგანო უზრუნველყოფს სახელმწ. საკუთრებაში ნაწილი) უმეტესობა ტრანსპორტის, შენობების და მიწის კატეგორიას მიეკუთვნება. ა-ის ორგანიზებას ახდენს ცალკეული ორგანიზაციებიც. საქართვ. სახაზინო ვალდებულებების გაყიდვას ახორციელებს საქართვ. ეროვნ. ბანკი ელექტრონული სავაჭრო სისტემის მეშვეობით, რ-შიც მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ კომერციულ ბანკებს, ხოლო ეროვნ. ვალუტის ყიდვა-გაყიდვა კი Bloomberg.com-ის სავალუტო ა-ის სისტემის მეშვეობით ხდება. საქართველოში კრიპტოვალუტით ვაჭრობას ემსახურება Emoney.ge, Mycoins.ge და სხვა ვებ-გვერდები, ხოლო ავტოტრანსპორტით ვაჭრობა კი მიმდინარეობს allauction.ge, cardeal.ge, carauction.ge და სხვა. ონლაინ ა-ებზე. კერძო ა-ებზე გასაყიდად გამოდის მრავალი საყოფაცხოვრებო და სხვა სახის საქონელი.

დ. იაკობიძე

მ. თოქმაზიშვილი