აფალინა

აფალინა (Tursiops), ზღვის ძუძუმწოვართა გვარი დელფინისებრთა ოჯახისა. არქტიკისა და ანტარქტიკის წყლების გარდა, თითქმის ყველგან არის გავრცელებული. გვარში ერთადერთი სახეობაა – ა. (Tursiops truncatus, დაცულია 1965-იდან), რ-ის ქვესახეობა – შავი ზღვის ა. (T. ponticus) შავი ზღვის საქართვ. სანაპიროებთან არის გავრცელებული. ა-ის სიგრძე 2,5 – 3,9 მ-ს, მასა 300 კგ-ს აღწევს. იკვებება თევზებით (კეფალი, სკაროსი, კამბალა და სხვ.), ცხოვრობს მცირე ჯოგებად, ცურავს 45 – 50 კმ/სთ სიჩქარით, წყლიდან ამოხტომა შეუძლია 5 მ სიმაღლემდე. ჩვენს წყლებში ა. მრავლდება გაზაფხულსა და ზაფხულში. ახალშობილის მასაა 11 – 12 კგ, სიგრძე – 1 მ. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 5 – 6 წლისა, აკვარიუმში გაზრდილი დედალი პირველად 7 წლისა შობს ნაშიერს. ა-ს აქვს მაღალგანვითარებული ნერვული სისტემა და წვრთნისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება. მსოფლიოს ოკეანარიუმებსა და დელფინარიუმებში (მ. შ. ბათუმის დელფინარიუმში) მათზე ატარებენ ექსპერიმენტებს ექოლოკაციის, ქცევის, ფუნქციონალური მორფოლოგიისა და სხვა საკითხების შესასწავლად. ადამიანის მიმართ მეტად კეთილგანწყობილია.