აფაქიძე ანდრია მელიტონის ძე (3. IX. 1914, სოფ. ზანა, სენაკის მუნიციპ, – 25.XI. 2005, თბილისი), არქეოლოგი, ისტორიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1983; წ.-კორ. 1967). ისტ. მეცნ. დოქტორი (1959), პროფესორი (1964), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1964). საქართვ. მეცნ. აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი (1943–52), ი. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის არქეოლ. სექტორის ხელმძღვანელი (1952 – 72), ანტ. ხანის არქეოლ. განყ-ბის გამგე (1972–89), საქართვ. მეცნ. აკად. საზ. მეცნ. განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი (1980–88), საქართვ. მეცნ. აკად. ვიცე-პრეზიდენტი (1988-იდან). მუშაობდა ანტ. ხანის არქეოლ., საქართველოს ძვ. კულტურის ისტორიის საკითხებზე. 1936-იდან იკვლევდა ბაკურციხის, არმაზისხევის, სამთავროს, წიწამურის, ბაგინეთის, სარკინის და მთაქართლის არქეოლ. ძეგლებს. 1952–74 ხელმძღვანელობდა არქეოლ. გათხრებს ბიჭვინთაში („დიდი პიტიუნტი“), 1975-იდან ხელმძღვანელობდა მცხეთის მუდმივმოქმედ არქეოლ ექსპედიციას. მისი ძირითადი ნაშრომები ეძღვნება ანტ. ხანის ქართული ქალაქების ისტორიას, მათი წარმოქმნისა და საქალაქო ცხოვრების განვითარების თავისებურებებს. ბოლო წლებში მუშაობდა ქართული და კავკასიური ცივილიზაციის ისტორიის კვლევის გაფართოებაზე, რაც ქართველთმცოდნეობისა და კავკასიოლოგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო მიმართულებად იქცა. ა-ის ხელმძღვანელობითა და თანაავტორობით შეიქმნა „საქართველოს არქეოლოგიის“ პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ქართულ ენაზე (1959), პირველი „არქეოლოგიური ლექსიკონი“ (1980), მისი თაოსნობით დაარსდა სერია: „საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები“, „მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის“ (1955), „დიდი პიტიუნტი“ (1975), „მცხეთა ‒ არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები“; საფუძველი ჩაეყარა წყალქვეშა არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას საქართველოში (1953), ორგანული წარმოშობის არქეოლ. ძეგლების რადიოაქტიური ნახშირბადის მეთოდით დათარიღებას, არქეოლ. ძეგლთა პალეომაგნეტიზმის მეთოდით დათარიღებას, მათ ძიებას გეოფიზიკური მეთოდებით, ხოლო ბოლო წლებში არქეოლ. კვლევაში ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანების დანერგვას, კვლევის კომპიუტერიზაციასა და ავტომატიზებული საძიებო-საინფორმაციო სისტემის გამოყენებას. ა. ხელმძღვანელობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ საქართველოს არქეოლ. კომისიას (1989-იდან) და საქართველოს საისტორიო საზ-ბას (1968). II მსოფლიო ომის მონაწილე. საქართვ. რესპ. უზენაესი საბჭოს დეპუტატი (1990–91). კლასიკური არქეოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის რომის (1958), საფრანგეთის (1963) და დამასკის (1968) საერთაშორისო კონგრესების მონაწილე. ს. ჯანაშიას სახ. პრემიისა (1964) და საქართვ. სახელმწ. პრემიის (1982) ლაურეატი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები.
თხზ.: მცხეთა, [ტ.] 1 – არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები 1937–1946 წწ. განათხარის მიხედვით, თბ., 1955 (თანაავტ.); მცხეთა – ქართლის სამეფოს ძველი დედაქალაქი, თბ., 1959; ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში, [წგ.] 1, თბ., 1963; ანტიკური ხანის საქართველოს კულტურა, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970; ქართული საბჭოთა არქეოლოგიის განვითარების ნახევარსაუკუნოვანი გზა, თბ., 1972; დიდი პიტიუნტი, ტ. 1–3, თბ., 1975–78 (რედ. და თანაავტ.): რუსულ-ქართული არქეოლოგიური ლექსიკონი (მასალები), თბ., 1980 (რედ. და თანაავტ.); Города древней Грузии, Тб., 1968; Радиоуглеродное датирование археологических образцов Грузии, Тб., 1987 (თანაავტ. А. А. Бурчуладзе).
ნ. ვაჩეიშვილი