აფაქიძე თემურ ავთანდილის ძე (4. III. 1954, თბილისი, – 17. VII. 2001, ფსკოვი, დაკრძალულია მოსკოვში), რუსეთის ფედერაციის ავიაციის გენ-ლეიტენანტი (2002, სიკვდილის შემდეგ), რუსეთის ფედერაციის გმირი (1995). დაამთავრა ლენინგრ. (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) ნახიმოველთა სასწავლებელი, შემდეგ ეისკის საავიაციო სასწავლებელი, გრეჩკოს სახ. სამხ.-საზღვაო აკადემია. იყო პირველი მოიერიშე ავიაპოლკის მეთაური ბალტიის საზღვაო ფლოტზე, პირველი სახომალდო გამანადგურებელთა ავიაპოლკის მეთაური ქ. საკში (ყირიმი), შერეული სახომალდო ავიადივიზიის მეთაური ჩრდ. ფლოტზე ქ. სევერომორსკში.
1982 ქ. კალინინგრადის თავზე სუ-17-მ თვითმფრინავს ძრავაში ჩიტის შეფრენის გამო ძრავა გაეთიშა. ა-ს უბრძანეს კატაპულტირება, მაგრამ რადგან ქვემოთ ქალაქი იყო, მან ბრძანება არ შეასრულა და მოახერხა ცეცხლმოდებული თვითმფრინავის დასმა აეროდრომზე, რისთვისაც დააჯილდოვეს მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“. (1991) ა. იყო პირველი მფრინავი, რ-მაც სუ-27-კ თვითმფრინავი დასვა მძიმე ავიამზიდ-კრეისერ „კუზნეცოვის“ (ადრე „თბილისი“) გემბანზე. 1995–96 ა. მეთაურობდა ავიაფრთას იმავე ხომალდზე, რ-იც სასწავლო-საბრძოლო ლაშქრობაში იყო ხმელთაშუა ზღვაში, იგი 200-ზე მეტჯერ დაჯდა ავიამზიდ „კუზნეცოვის გემბანზე, თავისი ოსტატობა და გამოცდილება გადასცა ათობით სამხ. მფრინავს, რისთვისაც გმირის საპატიო წოდება მიენიჭა. დაჯილდოებულია მრავალი სამხ. ორდენითა და მედლით, დაიღუპა საჩვენებელი გაფრენის დროს.
ა-ს ხსოვნის უკვდავსაყოფად მისი ძეგლები დგას რუსეთსა და უკრაინის რამდენიმე ქალაქში (სანქტ-პეტერბურგი, ფსკოვი, საკი, მურმანსკი). მისი სახელი ჰქვია ქუჩებს ფსკოვსა და საკში.
შ. ცირეკიძე