აფაქიძეები, თავადური ფეოდალური საგვარეულო დას. საქართველოში. გვარსახელი აფაქიძე (აფაქია, აფაქიანი) პირის სახელი „აფაქიდან“ უნდა იყოს ნაწარმოები. „აფაქ“ დადასტურებულია სვანეთის XII ს. II ნახ. საისტორიო ძეგლებში. ა-თა ყველაზე ადრინდ. და ისტორიულად ცნობილი წარმომადგენელია ცოტნე ჩხაგუს ძე აფაქიძე, რ-იც მარუშიან და მიქალელ ა-თან ერთად იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის აღაპებშია მოხსენიებული (XI–XIII სს.). ამავე აღაპებში XIV ს-ში მოიხსენიებიან ჯავახ, ტაიბუღა და ჩარგაზ ა. 1432 აფაქიძე იმერეთის მეფე ვახტანგის კარზე არის „ამირეჯიბი... ციხისთავი და ერისთავი... ციხე-ქალაქთა მოაბჯრე, მოლარეთუხუცესი და პურისა ხარჯის მომკრეფელი“. XV ს-ში, ეჯიბ აფაქიძის დროს, საგვარეულო სათავადოდ ჩამოყალიბდა. მათ ეკუთვნოდათ სოფ. სააფაქიო ზანა, უშაფათი, ფოცხო, ეკი, საჩინო, ჯვარი, კუხეში, ნაგარუ, სააფაქიო ეწერი, მუჟავა, ფახულანი, წალენჯიხა და სხვ. ა. ციხესიმაგრეებს ფლობდნენ მუჟავაში, ფახულანში, საჩინო-ჯვრის საზღვარზე, კუხეშში. განსაკუთრებით დაწინაურდნენ ოდიშის სამთავროში XVII ს-ში ლევან II დადიანის დროს. მათ ეკავათ სახლთუხუცესის (ქაიხოსრო აფაქიძე, 1611–16), ჭყონდიდელ-ეპისკოპოსის (ევდემონ აფაქიძე, 1616–44) და სხვა სახელოები. შემდგომ წარჩინებულთა შორის არიან ბუჯუ აფაქიძე (1696–1706), არქიმანდრიტი ლაზარე აფაქიძე (1780), როსტომ აფაქიძე (1805), ვახუ აფაქიძე (1827), მამუკა აფაქიძე (1833), ბეჟან აფაქიძე – ოდიშის მთავრის წარმომადგენელი „თბილისში და კასპიის მხარეში“ (1840–53), ვარადებელ აფაქიძე – ზუგდიდის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი („მარშალი“, 1909), იასონ აფაქიძე – ქ. ტობოლსკის ვიცე-გუბერნატორი (1902–06), კავკასიაში მეფისნაცვლის კანცელარიის საგანგებო ნაწილის სასამართლოს განყოფილების საქმეთა მმართველი (1916–17).
წყარო: მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI–XVII სს.), თბ., 1962.
ლიტ.: სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), [ტ.] 3, თბ., 1990.
ო. სოსელია