აფთარი

აფთარი (Hyaena), მტაცებელი ძუძუმწოვრების გვარი აფთრისებრთა ოჯახისა. საქართველოში გავრცელებულია ამ გვარის ერთადერთი სახეობა – ზოლებიანი აფთარი (Hyaena hyaena). მისი სხეული შავ-თეთრი ზოლებითაა მოხატული, ზურგზე 10–25 სმ სიმაღლის ჯაგრის ფაფარი გასდევს, რ-იც ქედზე უფრო აფაფრულია. სხეულის სიგრძე 120 სმ, სიმაღლე მინდაოში 70 სმ, მენჯში – 55 სმ, მასა 50 კგ აღწევს. აქვს ბანჯგვლიანი, 30 სმ-მდე სიგრძის კუდი, მოკლე და სქელი კიდურები, სქელი კისერი, ყვრიმალიანი თავი, მძლავრი ყბები და კბილები (ადვილად ამსხვრევს მსხვილ ძვლებს). გავრცელებულია მთელ აფრიკასა და აზიაში (მ. შ. შუა აზიაში და აღმ. ამიერკავკასიაში). XIX ს. ბოლომდე აღწევდა თბილისის მიდამოებამდე. ბინადრობდა მახათის მთაზე, ქორქის ტბასთან, კუკიაზე, მარტყოფში, ახმეტაში (ბახტრიონთან). ბევრი იყო შირაქში. თითო-ოროლა ეგზემპლარი ახლაც არის შემორჩენილი ალაზნის სანაპიროზე ‒ შავი მთის ბოლოსა და სარქლისყურის მიდამოებში. იკვებება ლეშით. მძუნაობს იანვარში, მაკეობა 90 დღ-ღ-მდე გრძელდება, შობს 2–4 უსუსურ, თვალაუხილავ ლეკვს. სოროს არ იკეთებს. შთამომავლობაზე ორივე მშობელი ზრუნავს. მდარე ბეწვის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. იგი ბუნების სანიტრის როლს ასრულებს, მაგრამ ხშირად თავს ესხმის შინაურ და გარეულ პატარა ცხოველებს, ანადგურებს ფრინველთა ბუდეებს. მისი რაოდენობა ყველგან შემცირებულია. ერთეულებს ინახავენ ზოოპარკებში. შეტანილია ყველა წითელ წიგნში.

ა. არაბული