აფიანჩა

აფიანჩა, კეპ-ბოღაზი, მრავალფენიანი მღვიმე-ნამოსახლარი სოფ. წებელდის (გულრიფშის მუნიციპ-ი) სამხრ-ით 5 კმ-ზე, აფიანჩის მთის ფერდობზე, ზ. დ. 455 მ. მღვიმე კარსტული წარმოშობისაა და გამომუშავებულია ზედა კარსტულ კირქვებში. აღმოაჩინა გეოლოგმა ლ. სოლოვიოვმა 1938. არქეოლ შესწავლა დაიწყო 1974-იდან (ხელმძღვ. ნ. ზ. ბერძენიშვილი, 1977-იდან ‒ ლ. წერეთელი). გამოყოფილია ლითოლოგიურად განსხვავებული 9 ჰორიზონტი, რ-ებიც 6 კულტურულ ეპოქას შეესატყვისება. დადგენილია მუსტიეს, ზედა პალეოლითის, მეზოლითის, ნეოლითის ხანის ფენები. აღმოჩენილია კაჟის, ობსიდიანის, არგელიტის და ძვლის იარაღი (საფხეკები, საჭრისები, ისრისწვერები, სადგისები, ხელჩაქუჩები, საწაფები, სასრესები და სხვ.). დიდი რაოდენობითაა ცხოველთა და თევზის ძვლის ნაშთები. მასალა ცხადყოფს, რომ აქ ცხოვრობდა მონადირეთა და მეთევზეთა ჯგუფი, რ-ის საქმიანობაში შემგროვებლობასაც გარკვეული როლი ენიჭებოდა.

ლიტ.: Бердзенишвили Н. З., Церетели Л. Д., Мгеладзе Н. Р., Пещерная стоянка Апианча, კრ.: Полевые археологические исследования в 1977 году, Тб., 1980; Церетели Л. Д., Многослойные памятник Апианча, კრ.: Полевые археологические исследования в 1984 – 1985 гг., Тб., 1987.

ლ. წერეთელი