აფორიზმი (ბერძნ. aphorismos მოკლე გამონათქვამი), ლაკონურად, მოსწრებულად გამოთქმული ბრძნული აზრი, რ-შიც მოცემულია ზნეობრივ-დამრიგებლური ხასიათის შეგონებანი; გამოირჩევა მახვილგონიერებითა და შინაგანი დინამიზმით. ა-ები უხვად გვხვდება როგორც ფოლკლორულ ნიმუშებში, ისე გამოჩენილ შემოქმედთა მხატვრულ თუ თეორიულ ნააზრევში. ისინი უმთავრესად ჩართულია ნაწარმოებებში (მეტწილად იგავ-არაკებში), მაგრამ შეიძლება არსებობდეს როგორც დამოუკიდებელი ჟანრიც ე. წ. „აზრების“, „მაქსიმების“ ფორმით (მაგ., გ. პასკალის, ფ. ლაროშფუკოს, ჟ. ლაბრუიერის და სხვ. ა-ები). ა-ებით მდიდარია ქართ. ზეპირსიტყვიერება („ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა“, „ვაჟკაცსა გული რკინისა, ხანჯალი – თუნდა ხისაო“, „ერთხელ სჯობია სიკვდილი, სულ მუდამ დაღონებასა“...). ა. უმაღლესი სრულყოფილებით გამოვლინდა შოთა რუსთაველის შემოქმედებაში („ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“, „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“, „მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია“...). ა-ს ხშირად იყენებდნენ ს.-ს. ორბელიანი („ამხანაგი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია, სიმაგრე დაურღვეველია... გულთა ნათელია, თვალთა ჩინია. მკლავთა ძალია და ზურგთა მბმელია“), დ. გურამიშვილი („ერთი დრო არვის შერჩების, კარგი სთქვა, გინდა ავია“, „ჰგავს უხორთუმო სპილოსა ჭკვიანი კაცი ბრიყვია“, „სძულს ღმერთსა ამპარტავნობა, მეტადრე გლახა მწირისა“...), ი. ჭავჭავაძე („მტერობა ენის არს მტრობა ქვეყნის“, „ვაჟკაცად იგი მიქია, ვინც უბედურთა მხსნელია“, „წმინდაა იგი, ვისაც ეღირსა მამულისათვის თავის დადება“...), ა. წერეთელი („სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი“, „კაცი ის არის, ვინც საზოგადო საქმის დროს პირადობას ივიწყებს“, „რაც ძალადობით წაიღეს, ვინ დააბრუნებს ნებითა ...“), ვაჟა-ფშაველა („ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა“, „ავსა და კარგსა კაცისა როდი ივიწყებს ქვეყანა“, „ვერ მააწონებ კაი ყმას, რაც არ უჯდება ჭკვაშია“...) და სხვა ქართველი მწერლები.
გ. ლომიძე