აფრიანი (იალქნიანი) გემი, გემი, რ-იც ქარის ძალით დაცურავს. ქარის წნევა კორპუსს გადაეცემა აფრების, რანჰოუტისა და ტაკელაჟის საშუალებით. კორპუსი შეიძლება იყოს ხის ან ლითონის. დიდ საზღვაო გემებს აქვს პირდაპირი, ირიბი და შერეული საიალქნო აღჭურვილობა, სამდინარო გემებს კი – მხოლოდ ირიბი. ა. გ-ს მართავენ საჭისა და აფრების შეთანხმებული მოქმედებით.
ა. გ. ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. 3000 წ. ეგვიპტეში, ჩინეთსა და ფინიკიაში; შემდეგ გავრცელდა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებსა და დას. ევროპაში, აქედან კი – ჩრდ. სახელმწიფოებში, კერძოდ, ჰოლანდიასა და ინგლისში.
ა. გ-ით ნაოსნობა განვითარებული ყოფილა ძვ. საქართველოშიც. ამას ადასტურებს ძვ. ბერძენი ისტორიკოსებისა და გეოგრაფების ქსენოფონტის, აპოლონიოს როდოსელისა და სტრაბონის შრომები. ბერძენი ისტორიკოსის აგათია სქოლასტიკოსის ცნობით, ლაზები VI ს-ში ა. გ-ებით მგზავრობდნენ ფასისიდან (ფოთიდან) ტრაპეზუნტში, სინოპში, პილოსსა და კონსტანტინოპოლში.
თანამედროვე პირობებში ა. გ-ებს იყენებენ სასწ. და სასპორტო მიზნით. იხ. აგრეთვე სტ. საიალქნო სპორტი.
ლიტ.: კუტალეიშვილი ზ., ნაოსნობა საქართველოში (ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევა), თბ., 1987.
ვ. ბარათაშვილი