აფრიდონი

აფრიდონი, XII ს. II ნახ. საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე. გიორგი III-ისა და თამარ მეფის მსახურთუხუცესი, ერისთავთ-ერისთავი. წარმომავლობით „უგვარო“ - აზნაურის ყოფილი ყმა (ვასალი). დაწინაურდა გიორგი III-ის მეფობის დროს, როდესაც ცენტრ. ხელისუფლება ატარებდა დიდგვარიან ფეოდალთა შეზღუდვის პოლიტიკას. ა-ს სახელოდ (საგამგებლოდ) გადაეცა ქვაბულისძეთა ყოფილი მამული, სამეფო დომენად ქცეული თმოგვის ციხე-ქალაქი და მისი მიმდგომი ქვეყანა, აგრეთვე კლდეკარის ერისთავებისათვის დავით აღმაშენებლის მიერ ჩამორთმეული თრიალეთის ნაწილი. გიორგი III-ის გარდაცვალებისა და თამარის მეფობის პირველსავე წელს დიდგვარიანებმა შეუტიეს ცენტრ. ხელისუფლებას, მოითხოვეს აღზევებულ „უგვარო“ ფეოდალთა გადაყენება. ცენტრ. ხელისუფლებამ უკან დაიხია. ა-ს ჩამოერთვა მსახურთუხუცესობა და საგამგებლო ქვეყნები.

წყარო: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.

ნ. შოშიაშვილი