აფშო

აფშო, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის თემში (მცხეთა-თიანეთის რეგიონი), მდ. ფშავის არაგვის მარჯვ. მხარეს, მდ. კიშხევის შესართავის მახლობლად. ზ. დ. 1400 მ, დუშეთიდან 45 კმ. 2014 აღწერით მუდმივი მოსახლე არ არის.

სოფლის ტერიტორიაზე მრავალ ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია გვიანდ. შუა საუკ. ლაშარის ჯვრის კომპლექსი და მის აღმ-ით ტყიანი ქედის გაყოლებაზე განლაგებული ეკლესიისა და სხვა ნაგებობათა ნაშთები. ლაშარის ჯვრის კომპლექსი შედგება დარბაზის, საქვაბისა და სამრეკლოსაგან; დარბაზი და საქვაბე ჩანგრეულია. სამრეკლო წარმოადგენს ოთხ სვეტზე შემდგარ მაღალ ნაგებობას. მის აღმ-ით ადრინდ. შუა საუკ. ეკლესიის ნანგრევებია, კედლები ნაშენებია ძირითადად რიყისა და კლდის ქვით, გამოყენებულია შირიმის ქვაც. ნანგრევებში აღმოჩნდა მიწის თხელი ფენით დაფარული შირიმის ქვისაგან გამოთლილი ემბაზი. სოფლის ბოლოს, ხევის მარცხ. ნაპირას, გორაკზე, ადრინდ. შუა საუკ. ოთხკუთხა კოშკის ნანგრევები და სამაროვანია. სოფლის აღმ-ით გვიანდ. შუა საუკ. ეკლესიის ნანგრევებია. ა-ში იქ, სადაც დღეს ლაშარის ჯვრის საპურე ბეღელი (XVI–XVII სს.) მდებარეობს, ძვ. ნასოფლარი და ოთხკუთხა კოშკის ნაშთია (ადრინდ. შუა საუკ.). ა-ს თავზე, ლუთხუბისკენ გადასასვლელ მთის მწვერვალზე, ფშაროს წმ. გიორგის ადრინდ. შუა საუკ. დარბაზული ეკლესიაა, რ-საც სამხრ-იდან და დას-იდან მინაშენები ჰქონდა. აფსიდი ნალისებურია. შესასვლელი ორია, სამხრ. და ჩრდ. მხრიდან. ნაგებია კლდისა და დამუშავებული შირიმის ქვით და დუღაბით. ეკლესიის სამხრ-ით სხვადასხვა დანიშნულების სათავსების ნაშთია. აღმ-ით სამაროვანია, სადაც ქვის სამარხები და აკლდამებია.

ი. წიკლაური