აფხაზეთის აჯანყება 1918, შეიარაღებული ბრძოლა აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად. აჯანყების გეგმა შეიმუშავეს ბათუმში 1918 თებ-ში მ. ორახელაშვილის, ეშბა ეფრემ|ე. ეშბას, ლაკობა ნესტორ|ნ. ლაკობას, გ. ათარბეგოვის მეთაურობით. მარტში აჯანყება დაიწყო გაგრაში და მალე გავრცელდა გუდაუთის, გუმისთის, სამურზაყანოს რ-ნებში. 8 აპრ. (26 მარტი) აჯანყებულებმა დაიკავეს სოხუმი. ძალაუფლებას დაეუფლა „რევოლუციური კომიტეტი“ ე. ეშბას ხელმძღვანელობით. რევკომმა გამოსცა დეკრეტები წოდებრიობის გაუქმების, მსხვილ მიწათმფლობელთა საკუთრების მოსპობის შესახებ და სხვ. გამოვიდა ბოლშევიკური გაზ. „სუხუმსკაია პრავდა“, რ-იც მოუწოდებდა აფხაზეთს მხარი დაეჭირა საბჭოთა რუსეთისათვის და გაელაშქრა ამიერკავკ. ხელისუფალთა წინააღმდეგ. ა. ა. ერთ-ერთი რგოლი იყო, რ-საც ამ დროს ამიერკავკ. ბოლშევიკური სამხარეო კომიტეტი ედგა სათავეში. მსგავსი აჯანყებები იყო საქართველოს სხვა რ-ნებშიც. გარეშე ძალთა მიერ ინსპირირებულ ამ აჯანყებათა მიზანი იყო შინაგანი ანარქიის გაძლიერება და საქართვ. თავდაცვისუნარიანობის დასუსტება. ამ დროს თურქი ინტერვენტები აჭარა-მესხეთს დაეპატრონენ და განაგრძეს შეტევა თბილისის მიმართულებით. ისინი ემზადებოდნენ სოხუმზე გასალაშქრებლადაც. ზოგიერთი აფხაზი წარჩინებული თურქეთის მხარეზე გადავიდა. ამიერკავკ-ში ბოლშევიკურ აჯანყებებს ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა რკპ (ბ) ცკ, საბჭოთა მთავრობა და პირადად ვ. ლენინი. მათი აზრით, ამიერკავკ. ხალხთა სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ კონტრრევოლუციური იყო და უპირისპირდებოდა სოციალიზმის საქმეს. ამიერკავკ. ფედერაციულმა მთავრობამ და სეიმმა შინაგანი ანარქიის აღსაკვეთად გამოიყენეს გვარდიის ნაწილები, რ-ებსაც გენ. კონიაშვილი მეთაურობდა. მათ ადგილ. რაზმებიც შეუერთდნენ. გადამწყვეტი ბრძოლები გაიმართა მდ. კოდორთან და იგი აჯანყებულთა დამარცხებით დამთავრდა. 1918 მაისის ბოლოსათვის ბოლშევიკური გამოსვლები აფხაზეთში და მთელ საქართველოში დამარცხდა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების ერთ-ერთი წინაპირობა გახდა.
ლიტ.: მანველაშვილი ა., რუსეთი და საქართველოს დამოუკიდებლობა, სან-ფრანცისკო, 1989.
აკ. სურგულაძე