„აფხაზეთის საკათალიკოზო დიდი იადგარი“, „ბიჭვინთის იადგარი“, დას. საქართველოს საკათალიკოსო (ბიჭვინთის) საყდრისათვის სხვადასხვა პირის მიერ გაწეული ღვაწლისა და შეწირულების აღმნუსხველი ძეგლი, რ-იც ამასთან ერთად შეიცავს საკათალიკოსოს უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელობის სამართლებრივ ნორმებს, საგადასახადო და სასამართლო შეუვალობათა დამამტკიცებელ საბუთებს. „იადგარში“ შესული მრავალი იურიდ. დოკუმენტი, შემონახული რედაქტირებული ან პირვანდელი სახით, თავის დროზე მოქმედი იყო. „იადგარი“ შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი ანუ საკუთრივ „იადგარი“ შედგენილია XVI–XVII სს. მიჯნაზე და საფუძვლად უდევს იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის მიერ ბიჭვინთისათვის 1537–65 დაწერილი „იადგარი“, რ-საც დამოუკიდებელი და პირვანდელი სახით ჩვენამდე არ მოუღწევია. მეორე ნაწილი შედგება XVII–XVIII სს. მეფეების, კათალიკოსებისა და მთავრების შეწირულებათა საბუთებისაგან, რ-ებიც შემონახულია სრულად ან ნაწილობრივ. „იადგარში“ დაცული ცნობები საუკეთესო მასალაა საქართვ. ეკონ., სოც., სამართლისა და მატერ. კულტ. ისტ. შესასწავლად.
ლიტ.: კაკაბაძე ს., აფხაზეთის საკათალიკოზო დიდი იადგარი, «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ.] 2; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.
ბ. ლომინაძე