ახვლედიანი გიორგი სარიდანის ძე (13. IV. 1887, სოფ. დერჩი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 7. VII. 1973, თბილისი), ენათმეცნიერი. თსუ-ის პროფესორი (1918), სსრკ მეცნ. აკად. წ.-კორ. (1939), საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1941), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1943), ჩრდილოეთ ოსეთის მეცნ. დამს. მოღვაწე (1967), ექსპერიმენტული ფონეტიკის საერთაშ. საზ-ბის (1932) და ამერ. ლინგვისტური საზ-ბის (1940) წევრი.
დაამთავრა ხარკოვის უნ-ტი (1914), სადაც ა-ის გამოკვლევას „ნარნარა და ცხვირისმიერი თანხმოვნების ისტორიისათვის სანსკრიტში, ბერძნულში, ლათინურსა და სლავურ ენებში“ ოქროს მედალი მიენიჭა. პეტერბ. უნ-ტში მუშაობდა ქართველოლოგიაში, ინდოლოგიაში, ირანისტიკასა და ზოგად და ექსპერ. ფონეტიკაში.
შედიოდა თსუ-ის პირველ პროფესორთა კოლეგიაში, გამოსცა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები („ენათმეცნიერების შესავალი“, 1918 – 19; „სანსკრიტი“, 1920), თსუ-ში დააარსა ზოგადი ენათმეცნიერების კათედრა და შექმნა ექსპერ. ფონეტ. ლაბორატორია. სხვადასხვა დროს კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: ენათმეცნ. შესავალს, ზოგადსა და ექსპერიმენტულ ფონეტიკას, სანსკრიტს, ბერძნულს, ოსურს, რუს. ენის ისტორიასა და დიალექტოლოგიას, ინდოევრ. ენების შედარებით გრამატიკას, დას. ევროპის ლიტ-რის ისტორიას და სხვ.
ა-მა ი.ყიფშიძესთან და ა. შანიძესთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნ. კვლევა-ძიების საქმეს. 1923 მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა „ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება“. ა-ის სახელთანაა დაკავშირებული ჩვენში ახ. კადრების აღზრდა ზოგადი და ექსპერ. ფონეტიკაში, ზოგად ენათმეცნიერებაში, გერმანისტიკაში, რომანისტიკაში, ინდოლოგიაში, ირანისტიკასა და ოსოლოგიაში. მისი ნაშრომები „ზოგადი და ქართული ენის ფონეტიკის საფუძვლები“ (ტ. 1, 1938), „ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები“ (1949), „ზოგადი ფონეტიკის შესავალი“ (1956) გამოირჩევა ორიგინალობითა და საკვანძო საკითხების ახლებურად გაშუქებით. ქართ.-ქართველური სპეციფ. თანხმოვნების, თანხმოვანთა კომპლექსებისა და, საერთოდ, ბგერითი სისტემის შესწავლით მან მრავალი ახ. დებულება შემატა ზოგად ფონეტიკას.
ა-მა მოგვცა ქართ. ბგერების კლასიფიკაცია, მისი დაკვირვებები ქართ. კონსონანტიზმსა და ვოკალიზმზე პროდუქტიული აღმოჩნდა და სახელმძღვანელოებში შევიდა, როგორც მიღწევა და უდავო დებულებების საფუძველზე გამომუშავებული კანონზომიერება. ა-მა დაადგინა ქართ. წარმოთქმის ტენდენცია – თანხმოვანთა კომპლექსების წარმოთქმისას ერთჟამიერობისაკენ მიდრეკილება, ყურადღება მიაქცია საარტიკულაციო წერტილების თანმიმდევრობას ქართ. თანხმოვანთა შეერთებისას. თანხმოვანთა შეერთების სხვადასხვა თანმიმდევრობას ა-მა უწოდა „იქითურა“ და „აქეთურა“ და გამოიყენა მარცვალთგასაყარის დადგენისათვის, ამასთანავე დაადგინა გუთურალთა რეგრესულ-დისიმილაციური დაკარგვა ქართულში. თანხმოვანთა წარმოების აქცესიურ-დეცესიური თანმიმდევრობის განსხვავებულობის გათვალისწინება რეალური დასაყრდენი აღმოჩნდა ზოგიერთი ფონეტ. ცვლილების ახსნისათვის. ამ თეორიის საფუძველზე გაირკვა აქცესიურ კომპლექსთა წარმოთქმის სუპერაციის ხერხები ქართველურსა და ევრ. ენებში. ავტორი გამოყოფს პოზიციურსა და ისტ. ბგერათმონაცვლეობას, რ-საც ეკისრება სემანტიკური და გრამატ. ფუნქცია. ა-მა ჩამოაყალიბა აპოფონიის (ხმოვანთმონაცვლეობის) ძირითადი სახეები ქართულში, არსებითად განსაზღვრა ქართ. აბლაუტის ძირითადი ტიპები და აბლაუტის როლი ქართულში. მნიშვნელოვანი შედეგები მიიღო ხმოვნისა და თანხმოვნის ერთმანეთისაგან გენეზისური განსხვავების დადგენაში.
ა-ის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში ოსური ენის მეცნ. შესწავალა და ამ დარგში სამეცნ. კადრების აღზრდა. მისი ნაშრომები ეხება ოსური ენის ისტორიას, დიალექტოლოგიას და ფონეტიკას. ქართ. აბრუპტივების ახვლედიანისეული თეორია საფუძვლად დაედო ოსური ბგერითი სისტემის გამოკვლევას. გაირკვა ზოგიერთი თანხმოვნის ბუნება და მათი მიმართება ძვ. ირანულის შესატყვის ბგერებთან, ახლებურად გაშუქდა რამდენიმე ფონეტიკური მოვლენა; დაზუსტდა ოსური ენის დიალექტოლოგიური კლასიფიკაცია; განსაკუთრებით აღსანიშნავია ა-ის ღვაწლი ოსურ.-ქართ. ენობრივი ურთიერთობის კვლევის დარგში.
ა-ის სახელთანაა დაკავშირებული ლოგოპედის მეცნ. საფუძვლებზე დაყენება. მისი თაოსნობით დაარსდა ლოგოპედიური ლაბორატორიები, ფართოდ გაიშალა კვლევა-ძიება და აღიზარდა ლოგოპედთა კადრები.
ა-მა გამოკვლევა მიუძღვნა ქართ. ენაზე მხატვრული თარგმნის თეორ. და პრაქტ. საკითხებს; თარგმნა და გამოაქვეყნა ძვ. ინდურიდან „დასაბამი ნივთთა“ (ჰიმნი რიგვედიდან), ავესტურიდან – „ავესტა“ (17 გათა); ქართ. ზღაპრებში მიაკვლია ინდურ სიუჟეტს („ავესტის თრაეტაონა და ქართული ზღაპრების თრითინო“, 1944).
ა-მა დიდი ამაგი დასდო ქართ. საენათმეცნ. ტერმინოლოგიის დადგენის საქმეს. თანამშრომლობდა „ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენ კომისიაში“ (1920-იდან).
დიდია ა-ის დამსახურება საქართველოში ლექსიკოგრაფიული მუშაობის განვითარების საქმეში; იგი შემდგენელია სხვადასხვა ტიპის ლექსიკონებისა. ესენია: „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“ (1933), „რუსულ-ქართული ლექსიკონი“ (ტ. 1 – 2, 1931 – 35, ს. იორდანიშვილთან ერთად), „ქართულ-რუსული ლექსიკონი“ (1942, ვ. თოფურიასთან ერთად).
ა. იყო „ქართული განმარტებითი ლექსიკონის“ (რვატომეული) მთავარი რედაქციის წევრი და „რუსულ-ქართული ლექსიკონის“ სამტომეულის სარედაქციო კოლეგიის წევრი. თავჯმდომარეობდა საქართვ. თეატრ. საზ-ბის სასცენო მეტყველების მეთოდურ საბჭოს. ა-ის რედაქტორობით გამოიცა ოსური ენის აკად. გრამატიკა (ტ. 1 – 2, ვლადიკავკაზი, 1963). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): მკვეთრი ხშულნი ქართულში, «ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე», 1922 – 23, ტ. 2; თანხმოვანთა აქცესიური კომპლექსების საკითხისათვის ქართულში, იქვე, 1947, ტ. 30 – 31b; ბგერათმონაცვლეობის ზოგიერთი საკითხი ქართულში, «თსუ შრომები», 1948, ტ. 34ab; Учебник грамматики русского языка, 4 изд., Тб., 1953; Сборник избранных работ по осетинскому языку, т. 1, Тб., 1960.
ლიტ.: თბილისის უნივერსიტეტი – გიორგი ახვლედიანს (საიუბილეო კრ., მიძღვნილი გიორგი ახვლედიანის დაბადების 80 წლისთავისადმი), თბ., 1969; ძიძიგური შ., გიორგი ახვლედიანი, [გამოც. მე-2], თბ., 1987; Жгенти С. М., Георгий Сариданович Ахвледиани (к. 70-летию со дня рождения), «Фонетический сборник», 1959, т. 1.
შ. ძიძიგური