ახვლედიანი (ქალიშვილობის გვარი ქაჯაია) დარია გიორგის ასული (25. V. 1873, სოფ. ჭაგანი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 17. V. 1941, თბილისი), პოეტი.
სწავლობდა ქუთ. საქალაქო გიმნაზიაში. აქტიურად იყო ჩაბმული „მესამე დასელთა“ წრეში; 1905 რევოლუციის დროს ავრცელებდა პროკლამაციებს. მონაწილეობდა თბილ. სახ. აუდიტორიისა და ჟურნ. „ნაკადულის“დაარსებაში. 1909 რედაქტორობდა გაზ. „გუშაგს“. პირველი ლექსი „არ მსურს“ გამოაქვეყნა „კვალში“ 1901 (№ 17) დარია ხუნდაძის ხელმოწერით. ა-ის ესკიზები, საბავშვო მოთხრობები ქვეყნდებოდა 1905 – 07 ჟურნ.-გაზეთებში („ლამპარი“, „ახალი სხივი“, „კვალი“, „თეატრი და ცხოვრება“). მისი ლექსები შევიდა 1908 გამოქვეყნებულ კრებულში „საამდროვო სიმღერები“. ა. არის ავტორი ლექსების ერთადერთი კრებულისა „სევდის ჰანგები“ (1912).
ლიტ.: ჩიხლაძე ნ., ქართველი მწერალი მოღვაწე ქალები, თბ., 1989.
ნ. ჩიხლაძე