ახთარი

ახთარი [ნამდვ. სახელი აჰმად-ბეგ გორჯი (გ. 1816)], XVIII – XIX სს. ირანელი პოეტი, ბელეტრისტი და მეცნიერი.

დაიბადა თავრიზში, ირანის სეფიან მეფეთა კარზე მოღვაწე ქართველის ოჯახში. ერთხანს დაახლოებული ყოფილა დიდ ემირ სოლეიმან ყაჯართან, მაგრამ მათ შორის განხეთქილება ჩამოვარდნილა, რის შედეგადაც ა-თვის ენა მოუჭრიათ. ჰყავდა ძმა, რ-იც ნეშათი გურჯის ფსევდონიმით წერდა ლექსებს. ა-ს დარჩენია ლექსების დივანი, რ-იც 1972 აღმოაჩინა მ. თოდუამ. მისი ლირ. ლექსები შეტანილია ყაჯართა დროის პოეტური შედევრების კრებულებში.

ა-ის ოთხი ბაითი შესულია ირან. საუკეთესო პოეტთა ლექსების კრებულში „სონბოლესთან“. ირან. პოეტთა ცნობილი მიმოხილვა „თეზქერეიე დელგოშა“ იძლევა ცნობას მისი ერთი პროზაული სატირის შესახებ. ა-ს ეკუთვნის აგრეთვე ფათალი-შაჰის დროის (1797 – 1834) პოეტთა ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ცნობილი კაპიტ. შრომა „ანჯომანე არა“, რ-ის შედგენა 1812 დაუწყია.

ლიტ.: თოდუა მ., ქართულ-სპარსული ეტიუდები, [წგნ.] 1 – 2, თბ., 1971 – 75; სეფაი ე., ნეჰზათ-ე ადაბი-ე ირან დარ ასრ-ე ყაჯარ (ყაჯართა დროის ირანული ლიტერატურა), თეირანი, 1955.

მ. შონია