ახიელი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ხევსურეთის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), მთა კიდეგანისმაღლის სამხრ.-აღმ. კალთაზე, მდ. არხოტისწყლის (მდ. ასის ზემო მონაკვეთი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 1800 მ, დუშეთიდან 100 კმ. ( 2014) აღწერით, მოსახლ. რიცხოვნება არ აღემატება 10 კაცს.
სოფელს თავს დაჰყურებს შუა საუკ. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი ა-ის კოშკი. ადრე იგი ხარათ ციხის სახელით ყოფილა ცნობილი და ცისკარაულებს ეკუთვნოდა. საშენ მასალად გამოყენებულია ნატეხი ქვა, შიფერი და დუღაბი. გეგმით კვადრატულ, ხუთსართულიან ნაგებობაში სართულებშორის გადახურვა ზოგან კამაროვანია, ზოგან ბრტყელი. სართულები დაკავშირებულია მისადგმელი ძელ-კიბით და ჭერ-იატაკში გაჭრილი ხვრელით („საკომით“). დაგვირგვინებულია საფეხურებიანი პირამიდისებრი სახურავით, რ-შიც ყოველი საფეხური მკაფიოდ არის გამოყოფილი ჰორიზ. შვერილებით. ა-ის კოშკის მსგავსი კოშკები ფართოდაა გავრცელებული ჩრდ. კავკასიაშიც (იხ. ხევსურული კოშკი).
ლიტ.: ბერიძე ვ., XVI – XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1983.