ახიელის არქეოლოგიური ძეგლები, VIII–IX სს. სამაროვანი სოფ. ახიელის ჩრდ.-აღმ-ით, მდ. არაგვისწყლის მარცხ. ნაპირზე.
აღმოჩნდა 1988. გაითხარა 5 ქვის სამარხი (ხელმძღვ. გ. გოგოჭური). კედლებად და სახურავად გამოყენებულია ფიქალი ქვები. სამარხები დამხრობილია აღმ-იდან დას-კენ. მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ ქრისტ. წესით. ძვლები ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს მშვილდსაკინძი, მინის მძივები, ვერცხლის რგოლები, აბასური დირჰემი.
მასალა დაცულია დუშეთის არქეოლ. ბაზაზე.
სოფ. ახიელის მოპირდაპირე მხარეს, ახიელისწყლის მარცხ. ფერდობზე მდებარეობს განვითარებული შუა საუკ. ნასოფლარი, რ-საც 1 ჰა ფართობი უკავია. სახლები მცირე ზომისაა (საშუალოდ 3X3 მ). კედლები მშრალადაა ნაგები კლდის ქვით. ნასოფლარის განაპირას, ბუნებრივ ბორცვზე შემორჩენილია კოშკის ნაშთი. აღმოჩენილია ხელსაფქვავის ქვები და მცირე რაოდენობით თიხის ჭურჭლის ნატეხები.
გ. გოგოჭური
გ. რჩეულიშვილი