ახიზის ციხე

ახიზის ციხე, ციხესიმაგრე ადრინდ. ფეოდალურ საქართველოში, კლარჯეთში, მდ. არტანუჯისწყლის მარცხ. ნაპირზე (ამჟამად თურქეთშია).

გადმოცემით ა. ც. ვახტანგ გორგასლის ბრძანებით კლარჯთა ერისთავს განუახლებია (V ს.), მასვე აუგია აქ ეკლესია. შემდგომში ვახტანგ გორგასალს ახიზა კლარჯეთის ეპისკოპოსის ადგილსამყოფლად დაუდგენია. 1694 – 1732 ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთრის მიხედვით, სოფელი და ციხე ახიზა არტანუჯის ლივაში შედიოდა.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ჩილდირის ვილაეთის ჯაბა დავთარი. 1694 –1732 წწ., ც. აბულაძის და მ. სვანიძის გამოც., თბ., 1979.

დ. ბერძენიშვილი