ახმადულინა ბელა (იზაბელა) ახატის ასული ( 10. IV. 1937, მოსკოვი, – 29. XI.2010, მოსკოვი), რუსი პოეტი.
ლექსებს აქვეყნებს 1955-იდან. ლირ. ლექსების გარდა ავტორია პოემების, მოთხრობების, ნარკვევების, ლიტ. პორტრეტებისა და ესეებისა. ა-ს შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია მხატვრულ თარგმანს. მან პირველმა წარუდგინა რუსულენოვან მკითხველს ანა კალანდაძე და პირველმა დაარღვია გალაკტიონის უფერულ თარგმანთა სტერეოტიპი და რუსულად ააჟღერა მისი შედევრები. მანვე შესანიშნავად თარგმნა ნ. ბარათაშვილის, ტ. ტაბიძის, ს. ჩიქოვანის, კ. კალაძის, ი. აბაშიძის, გ. აბაშიძის, ი. ნონეშვილის, ა. სულაკაურის, მ. ქვლივიძის, თ. ჭილაძის, ო. ჭილაძის, მ. ფოცხიშვილის, ი. ორჯონიკიძის, აგრეთვე აფხაზი მწერლების: ბ. შინქუბას და ვ. თარბას ნაწარმოებები.
საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ა-ს შემოქმედებაში. მისი ნაწარმოებების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოსადმია მიძღვნილი. წლების მანძილზე ა-ს ლექსები პირველად ჟურნ. „ლიტერატურნაია გრუზიაში“ იბეჭდებოდა, საქართველოშივე, გამომც. „მერანში“ გამოვიდა პოეტის ყველაზე ვრცელი კრებულები „სიზმრები საქართველოზე“ (1977, 1979), რ-ებიც მოიცავენ მანამდე გამოქვეყნებულ სხვადასხვა ჟანრის (ლექსები, პოემები, თარგმანები, პროზა, წერილები) ნაწარმოებებს და პირველ პუბლიკაციებსაც (რედაქტორ-შემდგენელი გ. მარგველაშვილი).
1977-იდან ა. ამერ. ხელოვნებისა და ლიტ-რის აკად. საპატიო წევრია. 1989 მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია. [საერთაშ. „ტრიუმფის პრიზის“ ლაურეატი (1993)].
თხზ.: Струна, М., 1962; Стихи, М., 1975; Сны о Грузии, Тб., 1979 (Предисл. Г. Маргвелашвили).
ლიტ.: Антокольский П. Г., Собрание сочинений, т. 4, М., 1973; «Литературная Грузия», 1987, № 5.
გ. მარგველაშვილი