ახმეტელი სანდრო ვასილის ძე

ს. ახმეტელი

ახმეტელი ალექსანდრე (სანდრო) ვასილის ძე [1(13). IV. 1886, სოფ. ანაგა, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 29. VI. 1937], რეჟისორი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართვ. სახ. არტისტი (1933).

დაამთავრა პეტერბ. უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი (1916). 1919 თბილ. საოპერო სტუდიაში დადგა დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“, 1920 რეჟისორად მიიწვიეს თბილ. ქართ. თეატრში, სადაც დადგა ს. შანშიაშვილის ექსპრესიონისტული „ბერდო ზმანია“,1921 კი – ა. ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“. იმავე წელს დაინიშნა სახელმწ. თეატრების მმართველად. 1923 კ. მარჯანიშვილმა მიიწვია რეჟისორად თბილ. რუსთაველის სახ. თეატრში. 1924-იდან მუშაობდა ამავე თეატრის მთავარ რეჟისორად, 1926 – 35 – სამხატვრო ხელმძღვანელად. ა. იყო მსახიობთა კორპორაცია „დურუჯის“ დაარსების (1924) ერთ-ერთი ინიციატორი, კ. მარჯანიშვილის მოწაფე და მისი მრავალი დადგმის თანაავტორი (ჯ. სინგის „გმირი“, 1923; ს. შანშიაშვილის „ჰერეთის გმირები“, უ. შექსპირის „უინძორელი ცელქი ქალები“, ორივე 1924 და სხვ.).

1928 ა-მა დადგა ბ. ლავრენიოვის „რღვევა“ და ს. შანშიაშვილის „ანზორი“, რ-ებიც გარკვეული ეტაპი იყო რუსთაველის თეატრის ცხოვრებაში. ამ სპექტაკლებში გახსნილია ახ. ადამიანის ფსიქოლ. სამყარო. ა-მა „ანზორში“, შ. დადიანის „თეთნულდსა“ (1931) და ვ. კირშონის „ქართა ქალაქში“ (1929) მასობრივი სცენების საშუალებით, მასისა და ინდივიდის დაპირისპირების შედეგად გამოავლინა ახ. ეპოქის ხასიათი. ა-ის შემოქმედებაში ახ. სიტყვა იყო 1933 ფ. შილერის „ყაჩაღების“ დადგმა შ. აღსაბაძესთან ერთად. სპექტაკლში ყაჩაღთა ბრბო გამოყვანილია ტირანიის წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზებულ ძალად.

ა-ის აზროვნების, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ხასიათმა, ქართველი ხალხის ეროვნ. თავისებურებების ღრმა, ფსიქოლოგიურმა წვდომამ იგი წარმოაჩინა როგორც მკაფიოდ ეროვნ. სულისკვეთების შემოქმედი. ა-ის ხელოვნების ესთეტიკურ საფუძველს წარმოადგენდა რომანტიკულისა და ფსიქოლოგიურის სინთეზი. ა-ის მიერ შექმნილ პოლიტ. თეატრში აისახა ახ. საზ. დამოკიდებულებანი, ადამიანის ბუნების სირთულე, გამოვლინდა თანამედროვე თეატრის ამაღლებული სული, ჰეროიკა, ქართ. ხალხ. თეატრის იმპროვიზაციული თავისებურებები – ემოციურობა, ჰარმონიულობა, დინამიკურობა. ოსტატურად დადგმულ მასობრივ სცენებში ფართოდაა გამოყენებული ქართ. სიმღერები და ცეკვები. ა-მა შექმნა მსოფლიო მნიშვნელობის თეატრ. კულტურა. ამასთანავე, მისი ხელმძღვანელობით რუსთაველის თეატრმა შეინარჩუნა ღრმად ეროვნული თვითმყოფადობა, რაც ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში ეროვნული კულტურის გადარჩენას ნიშნავდა. სხვა მნიშვნელოვანი სპექტაკლები: ა. გლებოვის „ზაგმუკი“ (1926), ნ. შიუკაშვილის „ამერიკელი ძია“ (I ნაწ. 1926, II ნაწ. 1927), მ. ლორთქიფანიძის „ათი დღე“ (1927, ჯ. რიდის მიხედვით, ა. ვასაძესთან ერთად), კ. ლიფსკეროვის „კარმენსიტა“ (1927), ე. ბილ-ბელოცერკოვსკის „საჭე მარცხნივ“ (1927, ა. ვასაძესთან ერთად), „ლამარა“ (გ. რობაქიძის მიხედვით, 1930), ლ. სლავინის „ინტერვენცია“ (1934), ხოზიკას „ხოჭოების დოღი“ (1928, კ. პატარიძესთან ერთად), ვ. ჰაზენკლევერის „საქმის კაცი“ (1929, შ. აღსაბაძესთან ერთად), ა. მირცხულავას (ა. მაშაშვილი) „განგაში“ (1931), გ. ბუხნიკაშვილის „ნაბიჭვარი“ (ვ. შკვარკინის მიხედვით). საოპერო სპექტაკლები: ზ. ფალიაშვილის „ლატავრა“ და დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“.

ა. რეაბილიტირებულია გარდაცვალების შემდეგ.

ლიტ.: ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელი, დოკუმენტები და ნარკვევები 3 ტომად, თბ., 1978-87; ახმეტელი მ., სანდრო ახმეტელი და საოპერო რეჟისურის პრობლემები, თბ., 2022; კიკნაძე ვ., სანდრო ახმეტელი, თბ., 1967; ნინიკაშვილი კ., სანდრო ახმეტელი [ალბომი], თბ., 1987; სანდრო ახმეტელი. კრებული, თბ., 1958; ურუშაძე ნ., მეორე სიცოცხლე, თბ., 1987.

ვ. კიკნაძე