ახმეტელი ვლადიმერ (ლადო) გიორგის ძე

ვ. ახმეტელი

ახმეტელი (ახმეტელაშვილი) ვლადიმერ (ლადო) გიორგის ძე (10. III. 1875, სოფ. ანაგა, თელავის მაზრა, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 12. VII. 1942, ბერლინი), პუბლიცისტი, ეკონომისტი, მთარგმნელი, დიპლომატი, ბერლინის ქართული ახალშენის მეთაური.

პირველდაწყებითი განათლება მიიღო თელავში. 1892 – 98 სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1899 პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისში. 1899 წ. II ნახევარში გაემგზავრა გერმანიაში. ლექციებს ისმენდა ლაიფციგისა და ჰალეს უნ-ტებში. იკვლევდა საქართველოს ეკონომიკის, სახელმწ. სამართლის და სხვა საკითხებს. იქვე მიენიჭა ფილოსოფიის მეცნ. დოქტორის სამეცნ. ხარისხი.

1917-იდან იყო საქართვ. განთავისუფლების კომიტეტის წევრი.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ გააგრძელა პუბლიცისტური მოღვაწეობა. თანამშრომლობდა „კვალში“, „ივერიაში“, „ერთობაში“ და სხვ. 1918 მაისში საქართველოს ს.-დ. პარტიის საოლქო კომიტეტის გადაწყვეტილებით გერმანიაში გაჰყვა საქართველოს დიპლომატიურ მისიას. ბერლინში იგი დაუკავშირდა გერმანიის ს.-დ. პარტიის ლიდერებს. მონაწილეობდა ევროპის ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობის გეგმების შემუშავებაში. 1918 ა. იყო გერმანიაში საქართველოს წარმომადგენლობის მრჩეველი, ხოლო 1919 წ. 20 ივნისიდან – საქართველოს დემოკრ. რესპ. სრულუფლებიანი წარმომადგენელი გერმანიაში. დიპლომატიურ სარბიელზე მოღვაწეობისას იგი ხელს უწყობდა საქართველოსა და გერმანიის პოლიტ., ეკონომიკური, კულტ.-სამეცნ. ურთიერთობის განვითარებას.

1924 – 37 ა. ბერლინის ქართული ახალშენის მეთაურია. ა. ფართო პროპაგანდას უწევდა საქრთველოს წარსულს, მის კულტურას, იღვწოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად. ამ მიზნით ის ესწრაფოდა ევროპის ქვეყნებში, კერძოდ გერმანიაში, მყოფი საქართველოს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების შეკავშირებას. ეწეოდა მეცნ., პუბლიცისტურ მოღვაწეობას.

თხზ.: Der Hausiererhandel in Georgien. Inauguraldissertation, Halle, 1904.

ლიტ.: პაპავა თ., გაბნეული საფლავები (შეადგინა და წინასიტყვ. დაურთო გ. შარაძემ), თბ., 1990.

ფ. სიხარულიძე