აფხაზეთის სამთავრო, ფეოდალური სამთავრო XVII–XIX სს. დას. საქართველოში. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის დროს (XV ს. II ნახ.) აფხაზეთი ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროში შედიოდა. XVII ს. დასაწყისში აფხ. მთავრებმა შარვაშიძეები|შარვაშიძეებმა მიაღწიეს ოდიშისგან გამოყოფას და ცალკე სამთავრო შექმნეს. ამ დროიდან განსაკუთრებით გაძლიერდა იმიერკავკასიიდან ადიღეურ-ჩერქეზული ტომების ჩამოსახლება და აფხაზეთის მთის მოსახლეობის ბარად ჩამოწოლა, რამაც გამოიწვია ადგილ. ქართული ქრისტ. მოსახლეობის შევიწროება. აფხ. ძირძველი მოსახლეობა, უპირატესად მწარმოებელი საზოგადოება, მკვეთრად შეამცირა გაძლიერებულმა შინაფეოდ. ბრძოლებმაც. ყოველივე ამან გამოიწვია როგორც სოც. სტრუქტურის შეცვლა, ისე ეკონ. და კულტ. დაცემა-დაქვეითება. ფეოდ. კლასის დიდი ნაწილი (შარვაშიძეთა საგვარეულოს ჩათვლით) კიდევ დიდხანს ინარჩუნებდა ქართულ კულტ.-ეთნ. სახეს და ქრისტიანობას, მაგრამ ოსმალთა გაბატონების შედეგად, განსაკუთრებით XVIII ს. შუა წლებიდან, თანდათანობით გამაჰმადიანდა. მაშინდელი ავტორების მოწმობით, აფხაზებში გახშირდა როგორც ერთმანეთზე, ისე მეზობელ ტერიტორიაზე ყაჩაღური თავდასხმები და მეკობრეობა, რასაც ყოველმხრივ აქეზებდნენ თურქ-ოსმალები. ამ ძალებზე დაყრდნობით აფხ. მთავრებმა გააძლიერეს აგრესია მეზობელი ოდიშის სამთავროს მიმართ. თუ თავდაპირველად მათ შორის საზღვარი ქ. ანაკოფიასთან გადადიოდა, ხოლო ლევან II დადიანმა „აფხაზთა გამოუსვლელობისათვის“ „შეავლო ზღუდე“ „ანაკოფიის აღმოსავლეთით ზღვიდან მთამდე“, უკვე XVII ს. შუა წლებში მათ შორის საზღვარი მდ. კოდორი იყო, XVII ს. მიწურულს კი შარვაშიძეებმა სამთავროს სამხრ.-აღმ. საზღვარი მდ. ენგურამდე გადასწიეს.
XVII–XVIII სს. მიჯნაზე მთავარ ზეგნაყ შარვაშიძის შვილებმა აფხაზეთი ერთმანეთში დაინაწილეს. როსტომს ერგო ტერიტ. მდ. ბზიფსა და კოდორს შუა, ჯიქეშიას ‒ კოდორსა და ღალიძგას შუა (აბჟუა), ყვაპუს ‒ ღალიძგასა და ენგურს შუა, რ-საც შემდგომში სამურზაყანო ეწოდა (სახელწ. წარმოდგა ყვაპუს შვილის მურზაყანის სახელიდან). იურიდიულად ა. ს. იმერეთის სამეფოში შედიოდა. სამთავროს სათავეში ედგა მთავარი (აფხაზურად ‒ აჰ). მისი რეზიდენცია იყო სოფ. ლიხნში. ა. ს. იყოფოდა რამდენიმე ოლქად: ბზიფი (მდ. ბზიფსა და გუმისთას შორის), რ-იც მთავრის უშუალო სამფლობელოს წარმოადგენდა, საძნი (ქართ. ჯიქეთი, გაგრა-ადლერის მხარე), გუმა (მდ. გუმისთასა და კოდორს შორის), აბჟუა (მდ. კოდორსა და მდ. ღალიძგას შორის), სამურზაყანო (ახლანდ. გალის მუნიციპ-ი) და წაბალდალი (წებელდის მხარე). გუმა, აბჟუა და სამურზაყანო მთავრის საგვარეულო (შარვაშიძე-ჩაჩბა) უმცროსი შტოების საუფლისწულო იყო, საძებში უფროსობდა თავადი გეჩბა, წაბალ-დალში ‒ თავადი მარშანია. მთავრის დომენი და საუფლისწულოები იყოფოდა ცალკეულ სენიორიებად, რ-თა სათავეში იდგნენ თავადები (ათაუად) აჩბა (ანჩაბაძე), ემხაა (ემუხვარი), ძიაფშ-იფა, ინალ-იფა, ჩაბალურხუა და ჩხოტუა. მთავარსა და უფლისწულებს (აჰიფა) თავადების გარდა, ყმა-ვასალებად ჰყავდათ აზნაურებიც (აამსთა). მ. შ. ყველაზე გამოჩენილი იყვნენ: მაანი (მარღანია), ლაკირბა, მიქანბა, ზვანბა და სხვ. აზნაურები ჰყავდათ თავადებსაც. მთავრის ხელისუფლება ემყარებოდა ფეოდ. ლაშქარს. მთავარს ჰყავდა აგრეთვე ახლო ნათესავებისა და ერთგული ხელქვეითებისაგან შემდგარი შეიარაღებული რაზმეული, რ-საც კიარაზი ეწოდებოდა. მთავრის შემოსავლის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს ყმა გლეხთა ბეგარა-გადასახადი შეადგენდა. მის ხაზინაშივე შედიოდა ჯარიმები (აიბარი), სავაჭრო ბაჟი, „ნებაყოფლობითი“ საჩუქრები და სხვ.
XVI–XVIII სს. აფხ. საზ-ბა იყოფოდა ფეოდალებად (თავადები, აზნაურები) და გლეხებად. ამათ შორის უმრავლესობას პირადად თავისუფალი ანხაიუს კატეგორიის მეთემე გლეხები შეადგენდნენ. მათი რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა მთიელი აფხაზების და იმიერკავკ. მთილელების ბარში ჩამოსახლების შედეგად. ასეთი მოსახლეობის მომრავლება ფეოდ.-ბატონყმური ურთიერთობის შესუსტებას და ჩამორჩენილი პატრიარქალური წყობილების აღორძინებას იწვევდა. ამათ გვერდით იყვნენ ფეოდალურად დამოკიდებული ყმა-გლეხებიც (ამაწურასგუ, ახოიუ) და სრულიად უუფლებონი (ახაშალა). მოსახლეობის დაბალ ფენებში გაძლიერდა პრიმიტიული წარმართული სარწმუნოება, ნაწილობრივ გავრცელდა მაჰმადიანობაც.
ა. ს-ს ეკონ. ცხოვრებაში წამყვანი ადგილი ეკავა სოფ. მეურნეობას. მოსახლ. მისდევდა მიწათმოქმედებას (უმთავრესად ზღვისპირა ზოლში). მევენახეობა-მეღვინეობას, მესაქონლეობას (უპირატესად მთიან რ-ნებში), მეფუტკრეობას, ნადირობას. XVII ს-მდე ძირითადი სას.-სამ. კულტურა ღომი იყო. სიმინდი მასობრივად გავრცელდა XVIII ს-ში. მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ლობიოს. სას.-სამ. ტექნიკა პრიმიტ. და მარტივი იყო (ხის კავი ‒ წნული ფარცხი, ხისა და რკინის თოხი). აფხაზეთიდან დიდი რაოდენობით გაჰქონდათ თაფლი და ცვილი. XVI – XVIII სს. აფხ. სოფლ. მეურნეობა, ვაჭრობა-მრეწველობა, საქალაქო ცხოვრება და ქალაქები X – XII სს-თან შედარებით დაკნინდა. ამის უმთავრესი მიზეზები იყო ოსმ. თითქმის სამასწლიანი ბატონობა, ჩრდილოეთ კავკასიიდან მოსახლეობის იმიგრაცია და შინაფეოდ. ომები. შედარებით აღორძინდა ა. ს-ს ეკონომიკა XVIII ს. მიწურულს. ა. ს-ში მისი არსებობის მთელ მანძილზე გაბატონებული იყო ნატურალური მეურნეობა. აფხაზეთსა და სამეგრელოში, კერძოდ, წიფურიეში, კორცხელში, ილორსა და ბედიაში იმართებოდა რელიგ. დღესასწაულებთან დაკავშირებული ბაზრობა. XVI – XVIII სს. აფხაზეთში გაჩაღებული იყო ე. წ. „სანაპირო ვაჭრობა“, რ-იც თურქი კომერსანტების შუამავლობით წარმოებდა. თურქებს აფხაზეთში შემოჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნის საქონელი და ჩალის ფასად გაჰქონდათ ბზა, ქონი, ბეწვეული, ტყავეული და სხვ.
XVI ს-ში აფხაზეთი, ისე როგორც მთელი დას. საქართველო, ოსმ. გავლენა-ბატონობის სფეროში მოექცა და ხარკს უხდიდა მას. ოსმალეთი მოსახლ. სრულ დამორჩილებასა და ასიმილაციას ისახავდა მიზნად. თანდათანობით ვრცელდებოდა ისლამი. თურქი დამპყრობლების და ადგილ. ფეოდალების გარკვეული ნაწილის წყალობით ა. ს-ში გავრცელდა „ტყვის სყიდვა“, დიდძალი აფხაზი ჭაბუკი და ქალწული იყიდებოდა სკურჩასა და სოხუმში. აფხაზი ხალხი აქტიურად იბრძოდა დამპყრობლების წინააღმდეგ. 1725 და 1728 აჯანყებულებმა ალყა შემოარტყეს ფაშის რეზიდენციას, სოხუმის ციხეს. 1733 ოსმ. მრავალრიცხოვანმა ჯარმა გააპარტახა სამეგრელოსა და აფხ. მნიშვნელოვანი ნაწილი. ამან გამოიწვია საყოველთაო აჯანყება. ოსმ. ჯარი დამარცხდა და განიდევნა ქვეყნის უდიდესი ნაწილიდან. მტრის ხელთ დარჩა მხოლოდ რამდენიმე ზღვისპირა ციხესიმაგრე. ფეოდ. დაქუცმაცებულობის მიუხედავად დას. საქართვ. მოსახლეობა ერთიანი ძალით იბრძოდა თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ. აფხაზები მონაწილეობდნენ ხრესილის ბრძოლაში (1757), სადაც დას. საქართვ. გაერთიანებულმა ლაშქარმა იმერეთის მეფის სოლომონ I-ის მეთაურობით დაამარცხა თურქთა რჩეული ჯარი. 1770 აფხაზთა რაზმი რუსებსა და ქართველებთან ერთად იბრძოდა თურქების წინააღმდეგ ფოთთან. 1771 აჯანყებულებმა აიღეს სოხუმის ციხესიმაგრე, მაგრამ აჯანყებულთა შორის განხეთქილების შედეგად ვერ შეძლეს მისი შენარჩუნება.
ქართლ-კახეთის, იმერეთისა და სამეგრელოს სამთავროს რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის შემდეგ აფხ. მთავარი ქელეშბეი რუს. ქვეშევრდომობის სურვილს გამოთქვამდა, მაგრამ მეტი კომპენსაციის მიღების მიზნით საქმეს აყოვნებდა. ამავე დროს იგი აშკარად განუდგა ოსმალეთს და განდევნა მისი ჯარი აფხაზეთიდან. 1808 წ. 2 მაისს ოსმ. აგენტებმა ქელეშბეი მოკლეს. სოხუმი ისევ მათ ხელში გადავიდა. 1809 ა. ს-ს ტახტის მემკვიდრე გიორგიმ (საფარბეი) ხელი მოაწერა ე. წ. „სათხოვრის პუნქტებს“. სადაც გამოთქვამდა რუს. მეფის ქვეშევრდომობისა და სამსახურის სურვილს. 1810 წ. 17 თებ. ალექსანდრე I-მა დაამტკიცა „სათხოვარი პუნქტები“ და გიორგი შარვაშიძე აფხ. მემკვიდრეობით მთავრად დაინიშნა. 1810 წ. 2 ივლ. რუს. ჯარმა იერიშით აიღო სოხუმ-კალეს სიმაგრე. ცარიზმი ყოველნაირად განამტკიცებდა აფხაზეთში ფეოდ. ბატონყმურ ურთიერთობას, ატარებდა მკაცრი კოლონ. ექსპლუატაციისა და ეროვნ. ჩაგვრის პოლიტიკას. აფხაზეთი ჩაება განვითარების კაპიტალ. გზით მიმავალი რუს. საერთო ეკონ. და პოლიტ. ცხოვრებაში. XIX ს. 30-იანი წლებიდან აფხაზეთში ვითარდებოდა წვრილი მრეწველობა. დაიწყო ადგილ. მნიშვნელობის გზების მშენებლობა, იზრდებოდა სას.-სამ. წარმოება. 50-იანი წლებიდან თითქმის რეგულარული გახდა საზღვ. მიმოსვლა სოხუმსა და ქერჩს, ოდესასა, ფოთსა და შავი ზღვის სანაპიროს სხვა ქალაქებს შორის, გაიზარდა ხე-ტყის, სიმინდის, ღვინის და სხვა პროდუქციის გაზიდვა. საბაზრო ურთიერთობათა განვითარება არღვევდა ფეოდ. მეურნ. კარჩაკეტილობას.
1853–56 ყირიმის ომის დროს აფხაზი ხალხი აქტიურად იბრძოდა თურქი ოკუპანტების წინააღმდეგ. ცარიზმის მიერ ჩრდ.-დას. კავკ. დაპყრობის შემდეგ (1864), როცა უკვე აღარ იყო საჭირო „ბუფერული“ ა. ს-ს არსებობა, მეფის რუს. ხელისუფლებამ სამთავროს გაუქმება „სახელმწიფო აუცილებლობად“ ჩათვალა. 1864 ივნისში ოფიციალურად გამოცხადდა სამთავროს გაუქმება და აფხაზეთში შემოღებულ იქნა რუს. მმართველობა. აფხაზეთს ეწოდა „სოხუმის სამხედრო განყოფილება“ (1883-იდან „სოხუმის ოლქი“), რ-იც ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს ექვემდებარებოდა. ა. ს-ს უკანასკნელი მთავარი მიხეილ შარვაშიძე მიხეილ|შარვაშიძე ვორონეჟში გადაასახლეს.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4–5, თბ., 1970–73; Антелава И. Г., Очерки по истории Абхазии XVII–XVIII вв., 2 изд., Сух., 1951; Анчабадзе З. В., Из истории средневековой Абхазии (VI–XVII вв.), Сух., 1959; Анчабадзе З. В., Дзидзария Г. А., Куправа А. Э., История Абхазии, Сух., 1986; Дзидзария Г. А., Народное хозяйство и социальные отношения в Абхазии XIX в., Сух., 1958; Очерки истории Абхазской АССР, ч. 1, Сух., 1960.
ზ. ანჩაბაძე
ირ. ანთელავა
ნ. ასათიანი