აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლი, აფხაზეთის ხალხური მუსიკალური შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კოლექტივი. დაარსდა 1931 სოხუმში, ეთნოგრ. გუნდის სახელწოდებით, საუკეთესო რაიონული ანსამბლების ბაზაზე. მისი პირველი ხელმძღვანელი იყო ხალხ. მომღერალი და მუს. ფოლკლორის მკვლევარი პ. ფანცულაია. ანსამბლთან თანამშრომლობდა ხალხ. საკრავთა ჯგუფი „აფხიარცა“; რეპერტუარს შეადგენდა ქართული ხალხ. და საკუთრივ აფხ. სიმღერები და ცეკვები. 1934 ანსამბლი წარმატებით გამოვიდა ამიერკავკ. ხალხთა ხელოვნების ოლიმპიადაზე (გახდა ამიერკავკასიის ცაკის ოთხივე პრემიის მფლობელი). ოლიმპიადაზე გამარჯვებული მოცეკვავეები მ. კოვე და ვ. აჩბა 1935 ლონდონში მიიწვიეს ხალხ. ცეკვების საერთაშ. ფესტივალში მონაწილეობისათვის. II მსოფლიო ომის წინ ეთნოგრ. გუნდს ეწოდა აფხ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლი (ხელმძღვ. კომპოზიტორი ი. ლაკერბაია). გარდა ხალხ. სიმღერებისა, ანსამბლმა დაიწყო საკუთრივ აფხაზი, ქართველი და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებების შესრულება. სხვადასხვა დროს ანსამბლს ხელმძღვანელობდნენ კ. გეგეჭკორი, ა. ჩიჩბა, რ. გუმბა, ხ. ახბა, ბ. ბაგათელია, ვ. ცარგუში (1968–86), ი. შამბა (1986–88), ქორეოგრაფები ‒ ე. ბებია, ს. ციმაკურიძე, გ. ჩახავა, თ. დავითაია, კ. თარბა, ვ. კვარჩია, ფ. ყურუა. 1971 ანსამბლმა მიიღო დამს. ანსამბლის წოდება. 70-იანი წწ. II ნახევრიდან ანსამბლმა გასტროლები გამართა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში, საბერძნეთში, სირიაში, არგენტინაში, ეთიოპიაში, ტანზანიაში, მოზამბიკში და სხვ. 1988 ანსამბლს კვლავ ვ. ცარგუში ხელმძღვანელობდა, მთავარი ქორეოგრაფი იყო კ. თარბა, ქორეოგრაფი ‒ კ. კვარჩია; მოცეკვავეები ‒ მ. გერზმავა, ე. მიკანბა, დ. გუნბა, რ. დასანია, ა. თარბა, რ. ჩამაგუა, მომღერლები ‒ ე. ნანბა, ნ. გავრილოვი, ხვიჩია, ლ. ხიშბა; დირიჟორები ‒ ვ. ოკუჯავა, ი. შამბა. ანსამბლმა დიდი წვლილი შეიტანა აფხ. ხალხ. სიმღერებისა და ცეკვების აღდგენისა და პოპულარიზაციის საქმეში.
1993-იდან ანსამბლი მოღვაწეობს თბილისში. ამ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით იყვნენ ვ. და დ. ოკუჯავები. 2015-იდან ანსამბლს ხელმძღვანელობს ლ. ღვინჯილია. ანსამბლი კონცერტებს მართავს საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.