„აფხაზთა სამეფო“, ერთ-ერთი ქართული ფეოდალური სახელმწიფო VIII ს. ბოლოდან X ს. 70-იანი წლების ბოლომდე. შეიქმნა დას. საქართველოს (ეგრისისა და აფხაზეთის) გაერთიანების შედეგად. წყაროებში ხშირად აფხაზთა მეფეები ეგრისის მეფეებად, ხოლო „ა. ს.“ ეგრისის სამეფოდ იხსენიება, ამიტომ ლიტერატურაში მას ეგრის-აფხაზეთის სამეფოსაც უწოდებენ.
VII–VIII სს-ში, ეგრისის დასუსტების პერიოდში, გაძლიერდა აბაზგია|აბაზგიის სამთავრო, რ-შიც გაერთიანდნენ აბაზგები, აფშილები, სანიგები, მისიმიელები. ამ ტომთა ერთობლიობას ქართული წყაროები აფხაზებს უწოდებენ, ხოლო აბაზგიის მთავარს– აფხაზთა მთავარს (იოანე საბანის ძე) ან აფხაზთა ერისთავს (ჯუანშერი, „მატიანე ქართლისა“). VIII ს-ში აფხაზთა მთავრები გახდნენ არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზატორები დას. საქართველოში.
VIII ს. II ნახევარში მთელი საქართველოს მასშტაბით გაძლიერდა გამაერთიანებელი ტენდენციები. ამ დროს ქართლში არაბებმა ქართლის ერისმთავართა ხელისუფლება დიდად შეავიწროვეს, ქართლის ერისმთავართა ხელისუფლება უფრო რეალური ეგრისში იყო. ქართლის ერისმთავართა და აფხაზთა მთავრების მოქმედება შეთანხმებული ჩანს აფხაზეთ-ეგრისის გაერთიანების საქმეში. ჯუანშერის ცნობით („ქართლის ცხოვრება“), ამ პერიოდში ქართლის ერისმთავართა სახლს მამაკაცი მემკვიდრე არ ჰყავდა. ერისმთავარმა არჩილმა თავისი გარდაცვლილი ძმის მირის ასული ცოლად შერთო აფხაზთა მთავარს ლეონ I-ს. ამით ლეონი ქართლის ერისმთავრის ვასალი გახდა და სიძობით დაიმკვიდრა ეგრისი, არჩილმა მას გადასცა ბიზანტ. იმპერატორისაგან მირისთვის გამოგზავნილი გვირგვინი, რაც სიმბოლურად და რეალურად ეგრის-აფხაზეთის გაერთიანებას ნიშნავდა.
ამრიგად, ლეონ I-ის ხელისუფლების ქვეშ გაერთიანდა აფხაზთა სამთავრო და ეგრისი (ლაზეთი). ეგრის-აფხაზეთის სამთავრო გადაიჭიმა ნიკოფსიიდან ჭოროხის ხეობამდე. ამ ეტაპზე ეგრის-აფხაზეთის გაერთიანებას მხარს უჭერდა ბიზანტიის იმპერიაც, რადგან აფხაზთა ძლიერი სამთავრო არაბთა სახალიფოს წინააღმდეგ მებრძოლ რეალურ ძალად ესახებოდა.
ლეონ I-ის ძმისშვილმა ლეონ II-მ ისარგებლა ბიზანტ. იმპერიის დასუსტებით, დაიხმარა თავისი ნათესავი (პაპა დედის მხრიდან) ხაზართა ხაკანი, განთავისუფლდა იმპერიის ვასალობისგან, გააერთიანა მთელი დას. საქართველო ლიხის მთამდე და მიიღო აფხაზთა მეფის ტიტული. დას. საქართველოს გაერთიანების საქმეში ლეონ I და ლეონ II ეყრდნობოდნენ დას. საქართველოს ქართული მოსახლეობისა და მმართველი წრეების ცენტრალიზაციის მომხრე ნაწილს, აგრეთვე აფხაზეთის სამთავროს ძალებსაც. ამ პროცესში ძირითადი ძალა დას. საქართველოს ქართული მოსახლეობა იყო, რ-ის როლმა და მნიშვნელობამ განაპირობა ის გარემოება, რომ ამ სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა ეთნიკურად ქართული მოსახლეობის შუაგულში მდებარე რეზიდენცია, ძველი ქართული სახელმწიფოებრიობის და კულტურის ცენტრი ქუთაისი. ლეონ II იმიტომ იწოდა აფხაზთა მეფედ, რომ მისი დინასტია აფხაზეთიდან (აფხაზთა სამთავროდან) იყო გამოსული. აფხაზთა მეფეების ეთნიკური კუთვნილება ცნობილი არ არის, ზოგი მათ აფხაზებად თვლის, ზოგი ქართველებად, ზოგი ბერძნებად. მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, ამ მეფეთა სახელმწიფოებრივი პოლიტიკა აშკარად ქართული იყო. პოლიტ. მრწამსით, სახელმწიფოებრივი მოღვაწეობით, კულტურით ისინი ქართველები იყვნენ.
„ა. ს-ს“ მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ ქართველური ტომები (ქართები, ეგრები, სვანები), ხოლო უმცირესობას ‒ აფხაზები (რ-თაც მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს ჩრდილოკავკასიურ, ხოლო ნაწილი ქართველურ ტომებად) და ზოგიერთი ჩრდილოკავკასიური ტომი (მაგ., ჯიქები).
„ა. ს.“ 8 ადმ. ერთეულისაგან, საერისთავოსაგან შედგებოდა. აფხაზებით დასახლებული იყო ძირითადად 2 საერისთავო ‒ აფხაზეთისა და ნაწილობრივ ცხუმისა, ხოლო 6 – ეგრისის (ცენტრი ბედია), გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, არგვეთის (ცენტრი შორაპანი), ვაკე იმერეთის (ცენტრი ქუთაისი) ‒ ქართველებით.
ბიზანტ. იმპერია ცდილობდა თავისი სიუზერენიტეტის აღდგენას დას. საქართველოში, მაგრამ ყველა მისი ცდა (IX ს. 30–40-იანი წლები) უშედეგოდ დამთავრდა. შემდეგ იმპერიამ ტაქტიკა შეიცვალა და ცდილობდა დას. საქართველოზე თავისი გავლენა შეენარჩუნებინა. ამ მიზნით ის აქტიურად ერეოდა ტახტის მემკვიდრეთა შორის ბრძოლაში, ზოგჯერ კი თვითონაც აღვივებდა მას. მაგ., 868 მეფე გიორგი I-ის მემკვიდრეებს ტახტი წაართვეს შავლიანებმა. 20 წლის მანძილზე აფხაზთა სამეფო ტახტი იოანე და ადარნასე შავლიანებს ეკავათ. გიორგის ვაჟი ბაგრატი ბიზანტიის იმპერიაში გაიქცა, რომლის დახმარებითაც 881 ტახტი დაიბრუნა. იმპერია აქტიურად ჩაერია X ს. 60-იან წლებში მეფე გიორგი II-ის შვილებს შორის ტახტისათვის ატეხილ ბრძოლაში, მაგრამ თავისი გავლენის აღდგენა უკვე ვეღარ მოახერხა.
აქტიურად იბრძოდა „ა. ს.“ არაბთა სახალიფოს წინააღმდეგაც. მას შემდეგ, რაც არაბთა სახალიფო იძულებული შეიქნა საბოლოოდ აეღო ხელი დას. საქართველოს დამორჩილებაზე, აფხაზთა მეფეები ხშირად თავად ებრძოდნენ ხალიფის სარდლებს აღმ. საქართველოში, მაგ., 853 ბუღა თურქის წინააღმდეგ აფხაზთა მეფეც იბრძოდა თავისი ლაშქრით.
დას. საქართველო ეკლესიურად თავიდან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში შედიოდა, რის გამოც მღვდელმსახურება ბერძნულ ენაზე სრულდებოდა. მცხეთის საკათალიკოსო ტახტი ქართულ მოსახლეობაზე და ქართულ ენაზე დაყრდნობით ცდილობდა დას. საქართველო თავის სამწყსოში შეეყვანა, მაგრამ ვიდრე იქ ბიზანტია ბატონობდა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან დაპირისპირება ძნელი იყო. პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აფხაზთა მეფეებმა მცხეთის ტახტის ხელშეწყობით იწყეს აქტ. ძალისხმევა ეკლესიის კონსტანტინოპოლისაგან გამოსაყოფად და მცხეთის საკათალიკოსოსთან შესაერთებლად. ამ პროცესებისათვის ხელსაყრელ პირობას ქმნიდა ის გარემოება, რომ დას. საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი ეკლესიურად მცხეთის ტახტს ექვემდებარებოდა.
ბიზანტ. გავლენა, ბერძნ. კულტურა ღრმად იყო შეჭრილი დას. საქართველოში. პოლიტიკური ჰეგემონობის დაკარგვის შემდეგ ბიზანტ. იმპერიის დასაყრდენს დას. საქართველოში არსებული ბერძნ. საეპისკოპოსოები წარმოადგენდა. სწორედ მათი გაუქმებით დაიწყო კონსტანტინოპოლის საეკლესიო აღმოფხვრა. გაუქმებულ იქნა ფოთის, გუდაყვის და სხვა ბერძნული კათედრები. მათ ნაცვლად აფხაზთა მეფეები ახალ ქართულ საეპისკოპოსოებს აარსებდნენ. მაგ., აფხაზთა მეფის გიორგი II-ის დროს დაარსდა ჭყონდიდის საეპისკოპოსო, ლეონ III-ის დროს მოქვის, ბაგრატ III-ის დროს ‒ ბედიის საეპისკოპოსო (გუდაყვის მოშლილი საეპისკოპოსოს მაგიერ). ამ ახალ საეპისკოპოსოებში წირვა-ლოცვა მოსახლეობისთვის გასაგებ ქართულ ენაზე სრულდებოდა. IX ს-ში დას. საქართველო ეკლესიურად საბოლოოდ მცხეთის ტახტს დაექვემდებარა. „ა. ს-ში“ სახელმწიფო მმართველობის, მწერლობისა და მღვდელმსახურების ენა ქართული იყო. ამრიგად, საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას წინ მისი საეკლესიო გაერთიანება უსწრებდა.
დას. საქართველოს გაერთიანებამ, პოლიტ. დამოუკიდებლობის მოპოვებამ შექმნა საფუძველი სამეურნეო დაწინაურებისათვის, ვაჭრობის განვითარებისათვის. „ა. ს-ში“ განვითარების მაღალ დონეს მიაღწია ქართულმა ფეოდალურმა კულტურამ, რასაც მოწმობენ ამ პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრების ძელგები ‒7 მარტვილის, ბედიის, მოქვის, ბიჭვინთის და სხვა ტაძრები. ქართული კულტურის კერებად იქცა ახ. ქართული საეპისკოპოსო კათედრები, იქ შეიქმნა ქართული ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებები. აფხაზთა მეფეების კარზე დაიწერა მნიშვნელოვანი ქართული ისტორიული დოკუმენტი – აფხაზეთის მეფეთა გენეალოგიური ნუსხა, ე. წ. „მეფეთა დივანი“. დას. საქართველოს ქართულმა ქრისტიანულმა ეკლესიამ მნიშვნელოვანი ძალა მოიპოვა. X ს. 20-იან წლებში აფხაზთა მეფე გიორგი II აქტიურად მონაწილეობდა ჩრდ. კავკასიაში ალანთა (ოსთა) შორის ქრისტიანობის გავრცელებასა და დამკვიდრებაში.
„ა. ს-ს“ არსებობის პერიოდში გაფართოვდა ტერმინების „აფხაზისა“ და „აფხაზეთის“ მნიშვნელობა. საკუთრივ აფხაზსა და აფხაზეთთან ერთად „აფხაზი“ დასავლელ ქართველს, „აფხაზეთი“ კი დას. საქართველოს აღნიშნავდა. ამდენად „აფხაზთა სამეფო“ იყო ერთიანი დასავლურ-ქართული სახელმწიფო, ხოლო „აფხაზთა მეფე“ ‒ ამ სახელმწიფოს მეთაური. ქართული ქვეყნების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანების შემდეგ ტერმინების „აფხაზთა მეფე“ და „აფხაზთა სამეფო“ მნიშვნელობა კიდევ უფრო გაფართოვდა. რადგან საქართველოს ერთიანი მონარქიის მეფეთა ტიტულატურაში პირველ ადგილზე მათ მიერ ყველაზე ადრე მიღებული „აფხაზთა მეფის“ ტიტული იდგა, მათ ხშირად აფხაზთა მეფეებს უწოდებდნენ, ხოლო ერთიან საქართველოს – „აფხაზთა სამეფოს“.
IX ს. დასაწყისიდან „ა. ს.“ აქტიურად ჩაება დიდ ეროვნულ მოძრაობაში და პოლიტ. ბრძოლაში. რ-იც ქართულ სამეფო-სამთავროთა შორის მიმდინარეობდა და რომლის მიზანი ქართული ქვეყნების ერთ ეროვნულ სახელმწიფოდ ‒ საქართველოს სამეფოდ გაერთიანება იყო.
აფხაზთა მეფეებს, როგორც ქართლის ერისმთავრების ჩამომავლებს (ქალის ხაზით), თავისი ლეგიტიმური უფლებები ჰქონდათ ყველა ქართული ქვეყნის და საკუთრივ ქართლის მიმართ. „ა. ს.“ აქტიურად ჩაება შიდა ქართლისათვის ბრძოლაში. IX ს. დასაწყისში აფხაზთა მეფე თეოდოს II აშოტ ბაგრატიონის მოკავშირე იყო და მასთან ერთად ებრძოდა კახთა ქორეპისკოპოსს გრიგოლს შიდა ქართლისათვის. მაგრამ IX ს. II ნახევრიდან დას. საქართველოს მეფეები უკვე საკუთარი ხელისუფლების დამყარებისათვის იბრძვიან შიდა ქართლში. აფხაზთა მეფემ გიორგი I-მა (861 – 868) დაიპყრო შიდა ქართლი და იქ თავისი ერისთავი დანიშნა. გიორგის გარდაცვალების შემდეგ ტახტისათვის ბრძოლამ დროებით დაასუსტა „ა. ს.“, მაგრამ შავლიანთა სახლის წარმომადგენლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ საერთო ქართულ საქმეებში.
ამ დროს შიდა ქართლისათვის ბრძოლას იწყებს სომეხთა მეფე აშოტ ბაგრატუნი და IX ს. 80-იანი წლებიდან ამიერკავკასიაში ჰეგემონობისათვის ერთმანეთს უპირიპირდებიან „აფხაზთა სამეფო“ და სომეხ ბაგრატუნთა სამეფო თავ-თავისი მოკავშირეებითურთ. ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. 888 აფხაზთა მეფე ბაგრატ I-მა და მისმა მოკავშირე ნასრა ბაგრატიონმა (გუარამ მამფალის ძემ) მარცხი განიცადეს. ნასრა ბრძოლაში მოკლეს, მაგრამ შიდა ქართლი ვერც ერთმა მხარემ ვერ დაიკავა, მას ადგილობრივი ფეოდალები დაეპატრონენ („იპყრობდეს ქართლს აზნაურნი“ ‒ წერს ქართველი მემატიანე). X ს. დასაწყისში შიდა ქართლი აფხაზთა მეფე კონსტანტინე III-მ (კოსტანტიმ) დაიკავა, რ-საც ამის გამო „ემტერა სომეხთა მეფე სუმბატ“ და დროებით დაიკავა შიდა ქართლი უფლისციხითურთ. კონსტანტინემ სუმბატთან დაზავება ისურვა, საზავო მოლაპარაკების დროს ის შეიპყრეს და სუმბატს მიჰგვარეს, შემდეგ კი, „კეთილად იმზახნეს სუმბატ და კოსტანტი, და უკუმოსცა უფლისციხე და ყოველი ქართლი“ სუმბატმა აფხაზთა მეფეს („მატიანე ქართლისა“).
X ს. 10-იან წლებში, როდესაც საქართველოში აზერბაიჯანის ამირა აბულ-კასიმ აბუსაჯის ძე შემოიჭრა, აფხაზთა მეფემ ისევ დაკარგა შიდა ქართლი, რ-იც შემდეგ მეფე გიორგი II-მ დაიბრუნა და იქ ერისთავად უფროსი შვილი კონსტანტინე დააყენა. ქართლის აზნაურთა რჩევით, კონსტანტინე განუდგა მამას (923), მაგრამ გიორგიმ დაამარცხა მეამბოხე შვილი და მის მაგიერ ქართლის ერისთავად ლეონი, შემდგომში მეფე ლეონ III (957–967) დააყენა.
ლეონ III-ის დროს „ა. ს-მ“ დაიწყო ბრძოლა შიდა ქართლის იმ ნაწილისათვის (მდ. ქსნიდან არაგვამდე), რ-იც კახთა ქორეპისკოპოსებმა IX ს. დასაწყისში მიიტაცეს. შეიძლება ამის საკომპენსაციოდ ქორეპისკოპოსმა კვირიკემ კონსტანტინეს ჰერეთს ლაშქრობა შესთავაზა, რის შედეგადაც აფხაზთა მეფის ხელში გადავიდა ალაზნის გასწვრივ დიდ სავაჭრო გზაზე მდებარე არიშისა და გავაზის ციხეები.
X ს. 60-იან წლებში აფხაზთა მეფეები ჯავახეთსაც ფლობდნენ. ჯავახეთზე გადიოდა საქართველოს თითქმის ყველა მხარის დამაკავშირებელი გზები. მათ ფლობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აფხაზთა მეფეებისათვის, რ-ებიც საქართველოს გაერთიანებას ისახავდნენ მიზნად.
საქართველოს გაერთიანებისათვის გაჩაღებულ დიდ ეროვნულ ბრძოლაში დას. საქართველოს მეფეთა ჰეგემონობა აშკარად ისახებოდა. მართალია, ბრძოლა დაძაბული იყო, „ქართლსა ზედა“ ცვალებადი შედეგებით იბრძოდნენ აფხაზთა მეფეები, ქართველი ბაგრატიონები, სომეხი ბაგრატუნები, მაგრამ შიდა ქართლს ძირითადად აფხაზთა მეფეების ერისთავები განაგებდნენ. საბოლოოდ შინაფეოდალურმა აშლილობამ, ბრძოლამ ტახტის პრეტენდენტებს შორის თავისი შედეგი გამოიღო, „ა. ს.“ დასუსტდა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნისათვის ბრძოლის მნიშვნელოვან ეტაპზე აფხაზთა მეფეებმა ჰეგემონობა დაკარგეს.
75 „ა. ს-ს“ უკანასკნელი მეფის, ძმებთან ტახტისათვის ბრძოლაში თვალდათხრილი თეოდოს III-ის დისშვილი, მამის ხაზით ქართველთა სამეფო სახლის მემკვიდრე ბაგრატ ბაგრატიონი შიდა ქართლის გამგებლად, ხოლო 978 აფხაზთა მეფედ აკურთხეს. მართალია, ამ აქციის იდეური სულისჩამდგმელი ქართლის ერისთავი იოანე მარუშისძე იყო, მაგრამ რეალურად ეს დიდი ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიება დავით III დიდი ბაგრატიონის პოლიტ. ავტორიტეტისა და სამხ. ძალის მეშვეობით განხორციელდა. სათავე დაედო ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს შექმნას და მისი პირველი მეფე ბაგრატ ბაგრატიონი (ბაგრატ III) გახდა.
ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 6, თბ., 1973; ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954; ლორთქიფანიძე მ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება (IX–X სს.), თბ., 1963; მისივე, ეგრის-აფხაზეთი, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973 (რუს. ენაზე – 1988); მისივე, აფხაზები და აფხაზეთი, თბ., 1990; მელიქიშვილი გ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება და საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ზოგიერთი საკითხი, თბ., 1973; მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ნაწ. 2, თბ., 1980; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2); Анчабадзе З. В., Из истории средневековой Абхазии (VI–XVII вв.), Сух., 1959; Джанашия С. Н., О времени и условиях возникновения Абхазского царства, შრომები, ტ. 2, თბ., 1952.
მ. ლორთქიფანიძე