აფხაზი კონსტანტინე (კოტე) ნიკოლოზის ძე (27. XI. 1867, სოფ. კარდანახი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ‒ 19. V. 1923, თბილისი), ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. გენერალი (1919), ი. ჭავჭავაძის დისშვილი.
დაამთავრა თბილ. კადეტთა კორპუსი და პეტერბ. სამხ. სასწავლებელი. მსახურობდა არმიაში. 1906 – 13 იყო თბილ. საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი, კახეთში რკინიგზის გაყვანის ერთ-ერთი ინიციატორი, ამიერკავკ. ბანკის დაარსების საინიციატივო ჯგუფების თავ-რე. 1913 და 1916 აირჩიეს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლად, რის გამოც სამხ. სამსახურიდან გადადგა. იყო აღმ. საქართველოს თავადაზნაურობის ლიბერალური წრის ერთ-ერთი მეთაური. სათავეში ედგა ე. წ. „უპარტიოთა კავშირს“.
I მსოფლიო ომის (1914–18) დაწყებასთან დაკავშირებით, 1914 ა. კვლავ სამხ. სამსახურში დაბრუნდა. ჩამოაყალიბა საარტ. ბრიგადა, რ-იც მისი მეთაურობით დას. ფრონტზე იბრძოდა. 1915 ა. ფრონტიდან გამოიწვიეს თავადაზნაურობის წინამძღოლის მოვალეობის შესასრულებლად. 1917 ოქტ-ში ა-ის წინადადებით აღმ. საქართველოს თავადაზნაურობამ თავისი წოდებრივი ორგანიზაციის მთელი ქონება ქართვ. ერის საკუთრებად გამოაცხადა.
1917 ა. ქართ. უნ-ტის დაარსების საინიციატივო ჯგუფის თავ-რე იყო. საქართვ.
ეროვნულმა ყრილობამ (1917 წ. 19–22 ნოემბ.) ა. ეროვნული საბჭოს-საქართველოს პარლამენტის წევრად აირჩია.
ა. ახლოს იდგა ეროვნ.-დემოკრ. პარტიასთან. 1921 იანვარში ამ პარტიაში შევიდა და მისი თავ-რე გახდა.
საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დამყარების (1921) შემდეგ ა. იბრძოდა საქართვ. დამოუკიდებლობის აღსადგენად ‒ აქტიურად მონაწილეობდა აგვისტოს აჯანყების (1924) მზადებაში, იყო ამ აჯანყების ხელმძღვანელი „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ სამხ. სექციის მეთაური. 1923 თებ-ში პოლიტსამმართველოს ორგანოებმა ა. დააპატიმრეს და სხვებთან ერთად ადმ. წესით დახვრიტეს.
უ. სიდამონიძე