ახმეტელი მიხეილ კონსტანტინეს ძე (1895, ბორჯომი, – 1963, ქ. მიუნხენი, გერმანია), მეცნიერ-პოლიტოლოგი, პოლიტ. და საზ. მოღვაწე, სოვეტოლოგიის გერმ. სამეცნ. სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
1914 დაამთავრა თბილისის ქართ. სათავადაზნაურო გიმნაზია. 1915–17 სწავლობდა ხარკოვის უნ-ტში.
1919 გაემგზავრა გერმანიაში, სადაც დაამთავრა იენის უნივერსიტეტი. 1925 მიენიჭა აღნიშნული უნ-ტის ფილოს. დოქტორის ხარისხი. იმავე წელს შეუდგა აგრ. მეცნიერებათა შესწავლას.
1927 – 34 ბრესლაუს (ახლანდ. ვროცლავი) აღმ. ევროპის შემსწავლელი ინ-ტის ნამდვ. წევრი, 1937 – 40 – დირექტორი. 1928-იდან ბრესლაუს უნ-ტის ჯერ პრივატ-დოცენტი, შემდეგ ექსტრაორდინარული და ორდინალური პროფესორი.
1939-იდან ბერლინის ჰუმბოლდტის სახ. უნ-ტის პროფესორი. II მსოფლიო ომის წლებში ბერლინში აღმ. ევროპისა და სსრკ შემსწავლელი ინ-ტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო (ა. ნიკურაძესთან ერთად).
ომის შემდეგ გადავიდა მიუნხენში, სადაც მისი აქტ. მონაწილეობით დაარსდა აღმ. ევროპისა და სსრკ შემსწავლელი ინ-ტი, რ-იც დღემდე პოლიტოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნ. ცენტრია დას. ევროპაში. ა. წლების მანძილზე იყო ამ ინ-ტის მეცნ.-კონსულტანტი. პარალელურად ასრულებდა მიუნხენის უნ-ტის პროფესორის მოვალეობას.
ა-ს ეკუთვნის ფუძემდებლური შრომები საბჭ. კავშირისა და აღმ. ევროპის აგრარული პოლიტიკის, ბოლშევიზმის ისტორიის, საგარეო და საშინაო პოლიტიკის ისტორიის საკვანძო საკითხებზე. მან გამოსცა 5 ფუნდამენტური მონოგრაფია, მათგან წიგნი „აგრარული პოლიტიკა საბჭოთა კავშირში და მისი შედეგები“ (ბერლინი, 1942) მსოფლიოში აღიარებული სოვეტოლოგიური ნაშრომია.
ა. ეწეოდა აქტ. საზ.-პოლიტ. საქმიანობას. იყო გერმანიაში ქართ. სათვისტომოს გამგეობის უცვლელი წევრი, გერმანიაში გამომავალი ქართ. ემიგრანტული პერიოდული პრესის აქტ. თანამშრომელი, ანტიბოლშევიკური და ანტისაბჭოთა მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი დასავლეთში („ანტიბოლშევიკ ერთა ბლოკის“ დამფუძნებელი წევრი).
ლიტ.: ბერლინელი, მიხეილ ახმეტელი (ნეკროლოგი), «კავკასიონი», პარიზი, 1964, №9.
ლ. ურუშაძე