აფხაიძე ემანუილ ელისეს ძე [17 (29). VIII. 1899, ქუთაისი, – 8. XI. 1970, თბილისი], მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1946). ქუთ. რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1917) მუშაობდა სუფლიორად ქუთ. თეატრში, შემდეგ მსახიობად ბათ. (1921–23), ქუთ. (1923–24) და თბილ. რუსთაველის სახ. (1924-იდან) თეატრებში. 1926 დაამთავრა ა. ფაღავას დრამ. სტუდია. ა. კომედიური ჟანრის მსახიობი იყო. შექმნა მკვეთრი სცენური ფორმითა და არტისტიზმით აღბეჭდილი მრავალფეროვანი სახეები: საქმისაი (შ. დადიანის „თეთნულდი“), სოლომან მორბელაძე (დ. კლდიაშვილის „შემოდგომის აზნაურები“), ნესტორი (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან“), გონჯა (ს. შანშიაშვილის „არსენა“), ბესო (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), მირზა (ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“, სსრკ სახელმწ. პრემია, 1951), დუდკინი (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), პანდოლფო (კ. გოლდონის „საპატარძლო აფიშით“), დიეგო (ჯ. ფლეტჩერის „ესპანელი მღვდელი“), რაგნო (ე. როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“). ა-მ გარკვეული წვლილი შეიტანა ქართ. საესტრადო ხელოვნებაში – კითხულობდა საკუთარ იუმორისტულ-სატირულ ლექსებს. მონაწილეობდა აგრეთვე ქართ. კინოფილმებში: „სურამის ციხე“ (რეჟ. ი. პერესტიანი, 1922), „ნარინჯის ველი“ (რეჟ. ნ. შენგელაია, 1957), „დაკარგული სამოთხე“ (რეჟ. დ. რონდელი, 1937), „ჭრიჭინა“ (რეჟ. ს. დოლიძე, ლ. ხოტივარი, 1954), „მაია წყნეთელი“ (რეჟ. რ. ჩხეიძე, 1959), „განაჩენი“ (რეჟ. ლ. ხოტივარი, 1959), „დღე უკანასკნელი დღე პირველი“ (რეჟ. ს. დოლიძე, 1959), „გიორგობისთვე“ (რეჟ. ო. იოსელიანი, 1966), „ტარიელ გოლუა“ (რეჟ. ლ. ხოტივარი, 1968) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლიტ.: კიკნაძე ვ., ემანუილ აფხაიძე, თბ., 1960.
ვ. კიკნაძე