აფხაიძე შალვა ნიკოლოზის ძე (20. VII. 1894, სოფ. ძუყნური, ქუთაისის მაზრა, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი, – 19. II. 1968, თბილისი), პოეტი და ლიტერატურათმცოდნე. დაამთავრა ქუთ. რეალური სასწავლებელი (1913) და სწავლა განაგრძო პეტერბ. უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტზე, რ-იც 1917 დაასრულა. 1918 „ცისფერყანწელები“|„ცისფერყანწელთა“ ლიტ. კორპორაციის წევრი გახდა, ს. ცირეკიძემ და ვ. გაფრინდაშვილმა იგი „მეოცნებე ნიამორების“ მდივნად მიიწვიეს; ჟურნალის პირველსავე ნომერში (1919) დაიბეჭდა მისი საპროგრამო სტატია-მანიფესტი „ქართული პოეზიის პერსპექტივები“. ა-მ მთლიანად გაიზიარა ქართვ. მოდერნისტთა თეორია და პრაქტიკა. „ცისფერყანწელთა“ სიმბოლისტურ მოდელზეა გაწყობილი მისი ადრინდ. წერილები და ლექსები („ქარვის სონეტი“, „თეთრი საღამო“, „წერილი სანდროს თბილისიდან“, „ღვთისმშობელი პროსპექტზე“, „ღამის პეიზაჟი“, „სოლო სიონში“ და სხვ.).
ა-ის პირველი კრიტ. წერილი დაიბეჭდა 1914, პირველი ლექსი – 1918 (ქუთ. გაზ. „მეგობარი“), პირველი კრებ. „ლექსები“ – 1941. მისი ნაწარმოებების შემდგომი კრებულებიდან აღსანიშნავია „ლექსები“ (1949), „ერთტომეული“ (1954), „გაზაფხულის განთიადები“ (1963), „გახაფხულის ნიაღვრები“ (1964), „კრიტიკული წერილები“ (1959) და სხვ. მასვე ეკუთვნის მონოგრაფიები „ვერიკო ანჯაფარიძე“ (1956), „სანდრო ახმეტელი“ (1958), „აკაკი ხორავა“ (1962) და სხვ. შეადგინა აგრეთვე „აფხაზური პოეზიის ანთოლოგია“ (1957), თარგმნა მ. გორკის, დ. ფურმანოვისა და სხვათა ნაწარმოებები. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ადამიანები და წიგნები, თბ., 1964; მცხეთის ლაჟვარდები, თბ., 1967; წერილები და მოგონებები, თბ., 1969; მახსოვს მარადის..., თბ., 1988.
ს. ჭილაია