აქემენიდთა სახელმწიფო

აქემენიდთა სახელმწიფო (ძვ. წ. 558 – ძვ. წ. 330), ძვ. სპარსული სახელმწიფო, რ-ის ფაქტობრივი დამაარსებელი კიროს II დიდი (ძვ. წ. 558– 530).

დარიოს I-ის (ძვ. წ. 522– 486) წარწერის მიხედვით ა. ს. შუა აზიიდან ეთიოპიამდე და ინდის ხეობიდან ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვების სანაპირომდე იყო გადაჭიმული. ა. ს. დაყოფილი იყო 20 სატრაპიად (სამხ.-ადმ. ოლქი). ჰეროდოტეს მიხედვით, ისტ. კოლხეთის სამხრ. რ-ნებში, სამხრ.-აღმ. შავიზღვისპირეთში მცხოვრები ქართველური ტომები – მოსხები, ტიბარენები, მაკრონები და მოსინიკები ა. ს-ს მე-19 სატრაპიაში შედიოდნენ და ყოველწლიურად სამას ტალანტს იხდიდნენ. მართალია, უფრო ჩრდ-ით მცხოვრები კოლხები სატრაპიებში არ შედიოდნენ, მაგრამ ვალდებულნი იყვნენ გამოეყვანათ დამხმარე ჯარი და ხუთ წელიწადში ერთხელ ძღვნად 100 ბიჭი და 100 გოგო მიერთმიათ სპარსელებისათვის. ა. ს-ს უკანასკნელი მეფე დარიოს III (ძვ. წ. 336–330) ალექსანდრე მაკედონელმა დაამარცხა, ამის შემდეგ ა. ს-მ შეწყვიტა არსებობა.

ლიტ.: Дандамаев М. А., Иран при первых Ахеменидах, М., 1963; Дьяконов М. М., Очерк истории древнего Ирана, М., 1961.

ზ. კიკნაძე