აქსიოლოგია (ბერძნ. axia – ღირებულება და logos – სიტყვა, მოძღვრება), ფილოსოფიის დარგი, რ-იც შეისწავლის ღირებულების რაობას. ა-ის ამოცანაა ღირებულების ონტოლოგიური სტატუსის დადგენა, იმის გარკვევა, თუ როგორია თავისი ბუნებით ღირებულება – სუბიექტური თუ ობიექტური, რელატიური თუ აბსოლუტური, ცვალებადი თუ მარადიული. ა-მ უნდა ნათელყოს ღირებულების კავშირი ღირებულებით ობიექტთან, ჯერარსთან, სუბიექტთან. ამრიგად, ა-ს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა იმ მეცნიერებისათვის, რ-იც ღირებულების ცალკეულ სახეს ეხება. ღირებულების პრობლემა უძველესი დროიდანვე ფილოს. კვლევის საგანი იყო, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მან XIX ს. ბოლოს მიიქცია. ა., როგორც შედარებით დამოუკიდებელი ფილოს. დისციპლინა, სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა. ქართვ. ფილოსოფოსთაგან ღირებულების პრობლემის შესახებ პირველ მსჯელობებს ვხვდებით მ. გოგიბერიძესთან, დ. უზნაძესთან, გ. ქიქოძესთან და სხვ. 50-იანი წწ. ბოლოს და 60-იანი წწ. დასაწყისში ღირებულების პრობლემა არსებითად დასავლეთის ფილოს. კრიტიკასთან არის დაკავშირებული. ამის ნიმუშია ა. ბოჭორიშვილის „ფსიქოლოგიის პრინციპული საკითხები“ (ნაწ. 2, 1959, გვ. 277–324), კ. ბაქრაძის „თანამედროვე და უახლესი ბურჟუაზიული ფილოსოფიის ისტორიის ნარკვევები“ (1960, გვ. 210–409, რუს. ენაზე); გ. თევზაძის „გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია“ (1963, გვ. 172–269). აქსიოლოგიურმა კვლევამ ფართო გაქანება პოვა ღირებულების პრობლემისადმი მიძღვნილი თბილ. საკავშ. სიმპოზიუმის (1965) შემდეგ; სიმპოზიუმზე წარმოდგენილი ო. ბაკურაძის, ო. ჯიოევის, ნ. ჭავჭავაძის მოხსენებაში წინა პლანზე წამოწეულია ღირებულების ობიექტურობისა და ღირებულებითი ცნობიერების პრობლემები. ღირებულების პრობლემის მრავალ ასპექტს მიექცა ყურადღება: ა. ბოჭორიშვილის მიხედვით ა-ს საქმე აქვს ღირებულებასთან და არა ღირებულებებთან; ღირებულება კი მისაწვდომია „მთლიანი ადამიანისათვის“. გ. თევზაძის აზრით, ყველა ღირებულების განმსაზღვრელი ღირებულება არის ადამიანის ცხოვრების საზრისი. ღირებულება არის ის, რასაც რამე მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრების საზრისის დადგენისათვის. ზ. კაკაბაძემ ყურადღება გაამახვილა ღირებულების კვლევის სპეციფიკურ მეთოდებზე (ინტროსპექცია, შთაგრძნობა, ინტერპრეტაცია); ო. ბაკურაძე შეეხო ღირებულებითი მსჯელობის ბუნებას, რ-ის სპეციფიკა საგანთან სუბიექტის დამოკიდებულებაში გამოიხატება. ო. ჯიოევმა განიხილა საკითხი ღირებულებისა და ისტ. აუცილებლობის ერთიანობის შესახებ. მისი აზრით, უპირობო ღირებულებათა აღიარების გარეშე ისტ. აუცილებლობის ბუნება გაუგებარი იქნება. ღირებულება, გ. ბანძელაძის მიხედვით, გვეძლევა შეფასებაში, მის ობიექტურობას საბოლოო ჯამში განაპირობებს სოც.-ეკონ. ფაქტორები. ვ. ქვაჩახიას აზრით, ღირებულების პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია საზ. ცნობიერების ფორმების შესახებ მარქსისტული მოძღვრების საფუძველზე. ეს თვალსაზრისი დაუკავშირეს (ვ. ქვაჩახია, შ. ნადირაშვილი და სხვ.) დ. უზნაძის განწყობის თეორიას.
ლიტ.: გაბილაია შ., ქვაჩახია ვ., ესთეტიკურის სოციალური არსი, თბ., 1965; კაკაბაძე ზ., ხელოვნება, ფილოსოფია, ცხოვრება, თბ., 1979; ჭავჭავაძე ნ., ესთეტიკური საგნის ბუნებისათვის, [თბ.], 1965; მისივე, Культура и ценности, Тб., 1984; Бакурадзе О. М., Природа морального суждения, Тб., 1982; Буачидзе Т. А., Симпозиум по проблеме ценностей, «Философские науки», 1966, № 2; Джиоев О. И., Природа исторической необходимости, Тб., 1967.
გ. შუშანაშვილი